ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ არსებობს ბრალდებები, კრიმინალური დარღვევები მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერმინისტრის.

"კმაყოფილი არ ვიყავი [სააკაშვილის გადაწყვეტილებით], მაგრამ ესაა ის მოცემულობა რაც გვაქვს. მეორეს მხრივ, გაცილებით უარესია ის, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სააკაშვილი სხვაგვარად უნდა მოიქცეს, თორემ ბრალი დაემატება. ეს აჩენს იმის ეჭვს, რომ საქმე უკვე პოლიტიკურია. აქამდეც გვქონდა ეჭვები და ახლა, პრემიერის საქციელი, ნამდვილად არ შეესაბამება ევროპასთან ასოცირებული ქვეყნის საქციელს. როდესაც პრემიერი ასე საუბრობს, ამაში არაფერი ევროპული არ არის.

თუ არსებობს რაიმე ბრალდებები, ან კრიმინალური დარღვევები, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის. ასე რომ ეს პრობლემური საკითხია და კითხვას აჩენს ქართული სასამართლოსადმი — არის თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე კი ფიქრიც კი წარმოუდგენელია ევროპული ოჯახის წევრობაზე", — აცხადებს ევროპარლამენტარი.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის საპატიმროში ყოფნა არადემოკრატიული პროცესის მაჩვენებელია.

"ნათელია, რომ ეს არ არის ძალიან დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ასეთი ტიპის ბრალდებებიც [რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული], ხშირად არ გვესმის ხოლმე. ალბათ, ნებისმიერი პრეზიდენტის "დადანაშაულება" შეიძლება იმაში, რომ სტუმრებისთვის ლანჩისა და სადილისთვის გარკვეული თანხა დახარჯა. როგორც ვხვდები, ბრალდებამ ესეც დაითვალა", — ამბობს იუკნევიჩიენე.

3 ოქტომბერს პრემიერმინისტრი ციხეში მყოფ ექსპრეზიდენტს დაემუქრა და თქვა, რომ "წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ". 11 ოქტომბერს კი კითხვის პასუხად თქვა, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს და უბრალოდ თეორიულად განმარტა ის პროცესი, რაც მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენას მოყვებოდა. მისი თქმით, კითხვას "ნახევრად ირონიულად, პოლიტიკურად" უპასუხა.