თბილისი პრაიდის წარმომადგენელი გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს. თბილისი პრაიდის განცხადებით, თუ პოლიცია აქამდე თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ამ ჯგუფის წევრების აქტიურ დევნაზე ახლა იგი თავად გადავიდა.

"საქსეს ბართან ვიდექით გარეთ, დავინახე, თენგო ემინაშვილს მიათრევდა 8 პოლიციელი და გამოვესარჩლე, რატომ მიგყავთ-მეთქი. უსახლკარო ადამიანი დააკავეს, სრულიად ისეთ სიტუაციაში, რომ ვერ მივხდი, რატომ იყო ამის საჭიროება. არავინ პასუხს არ მცემდა. ამ გამოსარჩლების პროცესში მეც ჩამტენეს მანქანაში და კიდევ ერთი გოგო. ძიძგილაობა იყო, ბევრი რაღაც ხდებოდა, მანქანაში ჩატენეს, ამ ჩატენვის პროცესში ვუწევდით წინააღმდეგობას, რომ არ წაეყვანათ", — ამბობს თაბაგარი On.ge-სთან.

ბარ Success-თან ისინი ცოტა ხნის წინ დააკავეს. მას შემდეგ, რაც პოლიციამ გიორგი თაბაგარი მანქანისკენ წაიყვანა, ერთ-ერთმა ადგილზე მყოფმა პოლიციელს ჰკითხა: "ადამიანი რომ კითხულობს რატომ იჭერთ, მაგიტომ მიგყავთ?". პასუხად პოლიციელმა მას უთხრა: "დამშვიდდით, თორემ სხვებსაც მოგიწევთ დაკავება" .

"Success ბარში ვიყავით, იყო ღია. პატრული მოვიდა, შევიდა შიგნით, რომ დაეშალათ თუ რაღაც. მერე რომ გამოვიდნენ, თენგო რატომ დაიჭირეს არ ვიცი, ალბათ რაღაცაზე შეეპასუხა. ათრიეს სახით და მერე გიორგი თაბაგარმა დაუძახა, რის გამო იჭერთ, *იგ ხო არ გაქვთო და ისიც ათრიეს, ჩასვეს მანქანაში და კიდევ ვიღაც გოგო ჩასვეს, რომელმაც ჩმორებო დაუძახა. ბარები ხომ 11-მდე უნდა იყოს, 12-ის ნახევრისკენ გამოიარეს და შევიდნენ", — ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი On.ge-სთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამი ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.