პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, 14 ოქტომბრის აქციაზე ყველაზე ცუდი სანახავი იყო ის, რომ 9 წლის შემდეგ ქართული პოლიტიკის ინსტრუმენტი ისევ ცოცხი გახდა. მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ პოლიტიკურ ველზე თავისი უსუსური ქმედებებით, ბოლო თვეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა აღადგინა.

"ამ მიტინგში ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ მონაწილეობას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ ვიღაცა ითვლის ამ ადამიანების რაოდენობას ერთ კვადრატულ მეტრზე, ვიღაცა ზომავს მუხტს ტაშის რაოდენობით, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ფაქტი პოლიტიკურ ველზე არის შემდგომი, "ოცნებამ" თავისი უსუსურობით ბოლო თვეების განმავლობაში როგორც შიდა პოლიტიკური სუბიქტი აღადგინა, პირველ რიგში, მიშა სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა.

რა იყო იცით გუშინდელ დღეში ყველაზე ცუდი? არც ხალხის და არც ტაში რაოდენობა. 9 წლის შემდეგ ისევ ცოცხი გახდა ქართული პოლიტიკის ინსტრუმენტი, ქართველი ქართველის წინააღმდეგ", — თქვა გახარიამ TV პირველის ეთერში.

თბილისში წამოსულ ენმ-ს მხარდამჭერთა კოლონებს გზებზე ცოცხებით დახვდნენ. მობილიზებული პირები მანქანებს ცოცხებს ესროდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მიმდინარეობისას ინტერნეტის ხარვეზზე საუბრობდა მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც. ის ამბობდა, რომ აქციაზე "ყველაფრის დახშობა დაიწყეს".

სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ათასობით ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი წაიკითხა. წერილში ის საზოგადოებას "დიდი შერიგებისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ წყენა და უარყოფითი ემოციები, რადგან კიდევ ერთი რევანში მორალურად გაგვანადგურებს.


სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.