სწავლა, სამსახური, დამღლელი ყოველდღიურობა თუ პასუხისმგებლობები ჩვენი საყვარელი წიგნების წასაკითხად ხშირად საკმარის დროს არ გვიტოვებს. საბედნიეროდ, ასეთ რთულ სიტუაციებშიც არსებობს გამოსავალი: შეგიძლია, კითხვის მონატრება მცირე მოცულობის წიგნებით — როგორც მხატვრული ნაწარმოებით, ისე ესეებითა თუ დოკუმენტური პროზით გაიქარვო.

თუ კითხვა გიყვარს, მაგრამ ბევრი დრო არ გაქვს, სულაკაურის გამომცემლობასთან ერთად გთავაზობთ ისეთ წიგნებს, რომელთაც რამდენიმე საათში, ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავ და ისიამოვნებ კიდეც:

1. კურიერის ამბები — თემო რეხვიაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თუ იმ თბილისის გაცნობა გინდა, რომელიც მხოლოდ კურიერის მოპედიდან ჩანს, კურიერის ამბები სწორედ საშენო წიგნია. ნაწარმოების მთავარი გმირი პროფესიით მსახიობი კაცია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და მწარე რეალობას სევდიანი თუ სახალისო ამბებით გვიხატავს. წიგნის კითხვისას რამდენიმე საათით უცხო თვალით დანახულ ნაცნობ დედაქალაქში იმოგზაურებ.

გვერდების რაოდენობა: 133

2. დამალობანა — ელენე ჯაფარიძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

დამალობანა ელენე ჯაფარიძის სადებიუტო რომანია, რომელიც აფხაზეთის ომს გამორიდებული ქალის ისტორიას გვიყვება. აფხაზეთის დატოვება, უცხო ქვეყანაში გადასახლება, თავის დასამკვიდრებლად ბრძოლა, მოულოდნელი სიყვარული — მცირე მოცულობის მიუხედავად, წიგნი ყველა იმ თემას იტევს, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.

გვერდების რაოდენობა: 140

3. მივიწყებულნი — მათე სარალიშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მათე სარალიშვილის სადებიუტო რომანი 27 წლის ლუკას ამბავს გვიყვება, რომელიც ერთ ჩვეულებრივ დღეს სისხლიანი გარჩევის მოწმე ხდება. ეს შემთხვევა მთავარი გმირის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს და მკითხველებსაც წიგნის ფურცლებს მიაჯაჭვებს. წიგნი ჩვენს რეალობასთან იმდენად ახლოსაა, შეიძლება დაგავიწყდეს, რომ მხატვრულ ნაწარმოებს კითხულობ.

გვერდების რაოდენობა: 200

4. შრომა, გურია — მიხეილ ციხელაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მიხეილ ციხელაშვილის წიგნი გურიის სოფელსა და თბილისში ჩვეულებრივ პერსონაჟებთან ერთად არაჩვეულებრივ მოგზაურობას გპირდება. პირველ მოთხრობაში დაგლეჯილი ძროხისა და სადაზღვევო კომპანიასთან ჭიდილის დაუვიწყარი ამბით ისიამოვნებ, მეორე მოთხრობა კი აპოკალიფსურ რეალობაში გიმასპინძლებს. ერთ-ერთი მთავარი, რაც ამ ორ ისტორიას აერთიანებს ისაა, რომ მათ ერთი ამოსუნთქვით ჩაიკითხავ.

გვერდების რაოდენობა: 186

5. ზინკა ადამიანი — ანა კორძაია-სამადაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თუ დროის მანქანაში ჩაჯდომა და მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის თბილისში მოგზაურობა გინდა, ზინკა ადამიანი სწორედ საშენო წიგნია. თანაც მეგზურობას დასამახსოვრებელი პერსონაჟები — ალექსი ადამიანი და მისი აკორდეონი, კოტიკო, დათა, თამრიკო და ზინკა გაგიწევენ. წიგნში მოყოლილი, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი ამბები თავს შენც ძველი თბილისის ისტორიების განუყოფელ ნაწილად გაგრძნობინებს.

გვერდების რაოდენობა: 152

6. გათვლა — თამთა მელაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

გათვლა კონფლიქტის ზონაში გატარებულ 3 დღეზე გვიყვება და ომის თანმდევ შიშს, ძალადობასა და სიკვდილს 13 წლის გოგოების თვალით გვანახებს. მცირე მოცულობის მიუხედავად, ნაწარმოებში მოთხრობილი ისტორია გულგრილს ვერავის დატოვებს. აღსანიშნავია, რომ წიგნმა 2011 წელს საუკეთესო დებიუტისთვის ლიტერატურული პრემია "საბა" მოიპოვა.

გვერდების რაოდენობა: 116

7. ჩემი ბავშვობის უცხო მუზეუმში — ლადო კილასონია

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ლადო კილასონიას ესეების კრებულში რეალური ცხოვრებიდან თუ ლიტერატურული სამყაროდან უამრავ ნაცნობ თუ უცნობ გმირს შეხვდები, მათ შორის რიჩი მაქქოუს, ართურ კონან დოილს, მეფე ერეკლეს, რევაზ ინანიშვილსა და ზაირა არსენიშვილს. მათ რაგბი, ლიტერატურა, თავზეხელაღებულობა და ფათერაკები აერთიანებთ. მრავალფეროვანი ისტორიებისა და პერსონაჟების გაცნობაში წიგნს თვალის დახამხამებაში დაასრულებ.

გვერდების რაოდენობა: 168

8. ნორვეგიული დღიური — არჩილ ქიქოძე

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ნორვეგიული დღიური დოკუმენტური პროზის ნიმუშია, რომელშიც არჩილ ქიქოძე ნორვეგიის კულტურაზე, ყოფასა და ბუნებაზე მოგვითხრობს. წიგნი ნორვეგიაში მოგზაურობის შესახებ ბავშვობისდროინდელ ოცნებას, ნამდვილ მოგზაურობას, ავტორის ფიქრებსა და მოგონებებს გამორჩეულ ნაწარმოებად ქმნის, რომელიც სკანდინავიურ ქვეყანაში სახლიდან გაუსვლელად გამოგზაურებს.

გვერდების რაოდენობა: 154

როგორც ხედავ, კითხვისგან სიამოვნების მისაღებად აუცილებელი არაა, სქელტანიან წიგნს მოკიდო ხელი. ჩამოთვლილი ნაწარმოებები ლიტერატურის საუცხოო სამყაროში მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავ მოგზაურობას გპირდებიან.