ფრანგი ევროპარლამენტარი, რაფაელ გლუკსმანი აცხადებს, რომ იმ მთელი გულით იმ დემონსტრანტებთანაა, რომლებიც 14 ოქტომბერს ქუჩაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოვიდნენ.

"მთელი ჩემი გულით იმ ათი ათასობით ქართველებთან ვარ, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში გავიდნენ. ევროკავშირი აუცილებლად უნდა დადგეს მათთან და მე გავაკეთებ ყველაფერს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს პასუხისმგებლობა თავიდან არ აირიდოს", — წერს ის ტვიტერზე.

14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, სადაც ათასობით ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი წაიკითხა. წერილში ის საზოგადოებას "დიდი შერიგებისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ წყენა და უარყოფითი ემოციები, რადგან კიდევ ერთი რევანში მორალურად გაგვანადგურებს.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.