თუ უკვე ვაქცინირებული ხარ და გარე სამყაროს უბრუნდები, შესაძლებელია, ერთი რამ გააცნობიერე: ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებთანაც თითქმის ორი წელია, კონტაქტი აღარ გქონია.

შემდეგ კი სხვა რამეს მიხვდი: გინდა, ეს ასე დარჩეს.

ბევრი ჩვენგანი უკვე უბრუნდება თავის პრეპანდემიურ სოციალურ ცხოვრებას. იმის გარკვევის პროცესში კი, თუ ვის გვინდა, შევხვდეთ, ვაცნობიერებთ, რომ მეგობრული ურთიერთობებიდან ზოგი კარანტინის დროს მივივიწყეთ და არც ახლა ვართ მოხიბლულები მისი აღდგენის იდეით.

უნდა ვიგრძნოთ თუ არა თავი ცუდად იმის გამო, რომ ეს ურთიერთობები აღარ გვაინტერესებს?

უკვე წლებია, რაც კვლევებზე დაყრდნობითაც ვიცით, რომ მეგობრობა კარგია ჩვენი ჯანმრთელობისათვის. თუმცა, ექსპერტების თქმით, მეგობრებთან და ნაცნობებთან განშორება გარკვეული დროის შემდეგ ბუნებრივი მოვლენაა და ამის გამო თავი დამნაშავედ არ უნდა ვიგრძნოთ. თუ ვინმე მართლა გენატრება, ყოველთვის შეგიძლია, დაუკავშირდე მას. მაგრამ თუ თავს ვალდებულად თვლი, კავშირი აღადგინო ან ამის გაკეთება ემოციურად დამთრგუნველია, ეს ნიშანია იმისა, რომ ადამიანი შენი ცხოვრებიდან უნდა გაუშვა.

დაუჯერე გულისთქმას

"როცა გყავს მეგობარი, რომელთანაც პანდემიის დროს კავშირი არ გქონია და არცერთს არ გაგჩენიათ ერთმანეთის მოკითხვის სურვილი, მაშინ დაუჯერე შენს გულისთქმას", — ამბობს სუზან დეგეს-უაითი, ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, — "ყველა მეგობრობას არ უწერია სამუდამოდ არსებობა. ის ორმხრივი უნდა იყოს".

მწერალი სან-ფრანცისკოდან, შასტა ნელსონი, რომელიც მეგობრულ ურთიერთობებს იკვლევს, იმავე აზრზეა. "აბსოლუტურად ნორმალურია, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ადამიანური კავშირები სუსტდება და ქრება", — ამბობს ის, — "შეუძლებელია, შეინარჩუნო ყველა მეგობარი, ვინც კი ოდესმე გყოლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებისას — მაგალითად, საცხოვრებელი ადგილის ან სამსახურის გამოცვლისას — ახალ-ახალ კავშირებს აბამ. ასეთი გამოცდილებები ცვლის სამეგობრო წრეს, რადგან ჩვენ ცხოვრების ახალი სტილისა და ინტერესების მიხედვით ვარჩევთ იმ ადამიანებს, ვისთანაც თავისუფალი დროის გატარება გვსურს".

მეგობრებთან შეხვედრის წარმოდგენისას თუ დაუკვირდები, პირველ რიგში რომელი ადამიანები გაგახსენდებიან, იმასაც შეიძლება მიხვდე, ვინ არიან ისინი, ვისი ნახვაც დიდად აღარ გინდა.

ფოტო: Getty Images

პანდემია იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ იცვლება სამეგობრო წრეები საცხოვრებელი პირობების შეცვლისას. ერთმანეთისაგან განცალკევებით ყოფნამ, დეგეს-უაითის თქმით, ჩამოაყალიბა შერჩევითი "პანდემიური წრეები", ანუ პატარა, დახურული ჯგუფები, რომელიც ახლო მეგობრებითა და ოჯახის წევრებითაა დაკომპლექტებული. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც შენი "კლასტერის" ნაწილები იყვნენ და შენსავით იცავდნენ საკუთარ ჯანმრთელობას. ჩვენ მოგვიწია, არჩევანი გაგვეკეთებინა, ვის შემოვუშვებდით საკუთარ ცხოვრებაში და, მოულოდნელად, აღარ შეგვეძლო, გვენახა ყველა ნაცნობი ჩვენი პრეპანდემიური ცხოვრებიდან.

ჩვენ აღარ გვქონდა საკმარისი ენერგია იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა კომუნიკაცია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენს წრეში არ შედიოდნენ, რამაც გამოიწვია ურთიერთობების ბუნებრივი შემცირება. ამ "გარე ადამიანებთან" კონტაქტს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, რისი შესაძლებლობაც არ გვქონდა მაშინ, როცა მთლიანად დაკავებულები ვიყავით კარის სახელურების დეზინფექციითა და პროდუქტების პანიკური მომარაგებით.

და ახლა, როცა უკვე შეგვიძლია, აღვადგინოთ კავშირი ძველ მეგობრებთან, ვაანალიზებთ, რომ მაინცდამაინც არ მოგვნატრებია ისინი. ეს ხსნის იმას, თუ რატომ ვყოყმანობთ მათთან დაკავშირებას; ზოგ შემთხვევაში კი რატომ ვიმედოვნებთ, რომ თავად ძველი ნაცნობები არ მოგვიკითხავენ.

არეგულირე სამეგობრო წრე

შეიძლება, თავს დამნაშავედ გაგრძნობინებს მეგობრების მიზანმიმართულად შერჩევა, რადგან ეს ზოგიერთი ნაცნობის მივიწყებას ნიშნავს, მაგრამ ეს სულაც არ არის ცუდი საქციელი. სამეგობრო წრის საკუთარი სურვილისამებრ ორგანიზებას მრავალი სარგებელი აქვს.

სამეგობრო წრე ამგვარ კითხვებზე პასუხის გაცემით იქმნება: ვინ ცხოვრობს ახლოს? ვინ გვინდა ჩვენ გვერდით იყოს და ჩვენთან ერთად ატარებდეს დროს? ეს წრე, შეიძლება, სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით შეიცვალოს. როცა, მაგალითად, უნივერსიტეტში იწყებ სწავლას ან ახალ სამსახურში გადადიხარ, ამ დროს ცდილობ, ახალი მეგობრები შენს ამჟამინდელ ცხოვრებას მოარგო, მაგრამ მასში ყველა ვერ თავსდება. სწორედ ასე ხდებოდა კარანტინისა და სოციალური დისტანცირების დროს. "ცხოვრებაში სხვადასხვა ეტაპის გავლისას ჩვენი ყურადღების არეალი იცვლება და მასში ისინი ხვდებიან, ვინც გვგავს", — ამბობს დეგეს-უაითი, — "ეს მსგავსება, შესაძლოა, გამოიხატებოდეს ერთმანეთის ტოლი შვილების ყოლით ან ერთ ფაკულტეტზე სწავლით".

შეუძლებელია, შეინარჩუნო ყველა მეგობარი, ვინც კი ოდესმე გყოლია — განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებებისას ახალ ნაცნობებს იძენ.

"პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა", — განმარტავს დეგეს-უაითი, — "მან დაგვანახა ადამიანები, რომლებიც ჩვენთვის ღირებულები არიან და ისინი, ვინც თავს ფიზიკურად და სულიერად უსაფრთხოდ გვაგრძნობინებენ".

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი სამეგობრო წრე მთელი ცხოვრების განმავლობაში იზრდება, ბუნებრივია, თუ ზოგიერთ მეგობარს ჩამოვცილდებით. ასევე, არარეალისტურია ის აზრი, რომ შეგვიძლია, ყველასთან გვქონდეს კონტაქტი — კვლევაც კი ადასტურებს, რომ შეუძლებელია, ყველა შენი მეგობრისა და ნაცნობისათვის გამოყო დრო. "სრულიად ნორმალურია ყველა ჩვენგანისათვის, რომ გადავწყვიტოთ, სად გვინდა დავხარჯოთ ჩვენი ენერგია", — ამბობს ნელსონი.

თქვი გამარჯობა თავიდან

მაგრამ თუ მაინც ვერ გადაგიწყვეტია, დაუკავშირდე თუ არა მივიწყებულ მეგობრებს, მაშინ საკითხს სტრატეგიულად მიუდექი.

"პირველ რიგში, შენს გულს მოუსმინე", — გვთავაზობს დეგეს-უაითი, — "თუ ადამიანი გენატრება, ეს იმის ნიშანია, რომ ღირს ამ ურთიერთობისათვის დროის დახარჯვა".

იმის გადაწყვეტაში, აღადგინო კომუნიკაცია მეგობართან თუ არა, საკუთარი თავისთვის შემდეგი კითხვის დასმა დაგეხმარება: დღეიდან ექვს თვეში ინანებ თუ არა, რომ შენ და ეს პიროვნება აღარ მეგობრობთ? თუ პასუხი დადებითია, მაშინ დაუფიქრებლად დაუკავშირდი მას. თუ გადაწყვეტ, რომ პასუხი უარყოფითია, მაგრამ ამის გამო თავს ცუდად გრძნობ, აღიარე ამ გრძნობის არსებობა, მაგრამ ასევე გაანალიზე, რომ "ეს დანაშაულის გრძნობა კი არა, სევდა შეიძლება იყოს იმის გაცნობიერების გამო, რომ ეს ურთიერთობა მეტად ვეღარ გაღრმავდება".

თუ მიხვდები, რომ ვინმე გენატრება, ყოველთვის შეგიძლია, დაუკავშირდე მას, მაგრამ თავი ვალდებულად არ უნდა იგრძნო.

ფოტო: Getty Images

"ურთიერთობები ყველაფერი ან არაფერი არ არის", — ამბობს ნელსონი, — "თუ არსებობს ვინმე ისეთი, ვისთანაც გულით გწადია ურთიერთობა, მაგრამ თავს უხერხულად გრძნობ, რადგან დიდი ხანი გავიდა, რაც არ გინახავს, შეგიძლია უთხრა: ღმერთო ჩემო, როგორც იქნა, სული მოვითქვი, რომ შეგეხმიანო. გასული წლის განმავლობაში შენზე იმდენჯერ მიფიქრია და ვწუხვარ, რომ კავშირი დავკარგეთ; ან: უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ მენატრები. თუ დრო გაქვს, კარგი იქნებოდა გაგვესეირნა, როგორც სულ ვგეგმავდით; ან თუნდაც შემდეგი: ერთი სული მაქვს, ოფისში როდის დავბრუნდებით. უბრალოდ, აღნიშნე, რაც მოხდა და თქვი: ნეტავ, შეგვენარჩუნებინა ურთიერთობა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ვფიქრობ, ყველა გაიგებს ამას".

კიდევ ერთი სიტუაცია, რომელშიც პანდემიის დროს ბევრი აღმოჩნდა, ძველ ნაცნობებთან — მაგალითად, უნივერსიტეტში წლების წინ შეძენილ მეგობრებთან — ურთიერთობის აღდგენაა. ბევრისათვის ეს კრიზისის დროს ნამდვილი შვება იყო, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ თავს შეიძლება ვალდებულად გრძნობდე, ისევე სწრაფად უპასუხო მათ შეტყობინებებს, როგორც კარანტინის დროს, რაც ზოგს ზედმეტ ტვირთად აწვება.

"ჩემი შეტყობინებების გაგზავნის სისწრაფე თანდათან მცირდება", — ამბობს ნელსონი. მან ნაცნობებს მიწერა, რომ მართალია, მისი კარი ყველასთვის ღია დარჩა, არავინ უნდა იგრძნოს თავი ვალდებულად, ძველებური სიხშირით განაგრძოს მიმოწერა. "მე, უბრალოდ, ვუთხარი მათ, როგორ მახარებს, რომ ცხოვრებაშიც და ფეისბუქზეც გააქტიურდნენ და რომ განსაკუთრებულად კარგი იყო ამ წლის განმავლობაში მათთან კიდევ უფრო დაახლოება. ბოლოს კი დავურთე, გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს ახლა, როცა საკუთარ ცხოვრებას უბრუნდებით-მეთქი. ამ გზით მე მათ გავაგებინე, რომ რაც გვქონდა, ძვირფასი იყო და თანაც ვაცნობე, რომ ამიერიდან წინსვლის გზაზე წარმატებებს ვუსურვებ".

პანდემიამ მთლიანად შეგვიცვალა სოციალიზაციისა და ურთიერთობებისადმი ჩვენი დამოკიდებულება. ცხოვრების ახალი ფაზის დაწყებისას ექსპერტები გვირჩევენ, რომ არც სხვებთან მისასვლელი ხიდები გადავწვათ, მაგრამ არც ვალდებულად ვიგრძნოთ თავი, რომ ყველა ჩვენს ცხოვრებაში შემოვუშვათ. ამიტომ ეცადეთ, არ იგრძნოთ თავი დამნაშავედ პანდემიისას დაკარგული ურთიერთობების გამო. ექსპერტების თქმით, საკუთარი თავისა და სხვების მიმართ მიმტევებლები უნდა ვიყოთ, რადგან გასული ორი წელი უპრეცედენტო იყო.

"თუ გყავთ მეგობარი, რომელთანაც არ გისაუბრიათ პანდემიის განმავლობაში და ამის შეცვლის სურვილიც დიდად არ გაქვთ, მენდეთ, ისიც მშვენივრად ხვდება თქვენს განწყობას", — ამბობს დეგეს-უაითი, — "და, სავარაუდოდ, თავადაც იგივე განწყობა აქვს".