იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, რუსთავის ციხეში ხანძრის გამომწვევი მიზეზი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა მისი თქმით, ეს შესაძლოა ყოფილიყო ე.წ. მოკლე ჩართვა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ძალიან რთულია ჩემი მხრიდან ვისაუბრო შესაძლო ვერსიებზე, ვერსია, შეიძლება, ძალიან მრავალმხრივი იყოს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უფრო დეტალურად უნდა დაადგინოს გამოძიებამ, თუმცა შესაძლებელია, რომ ეს ყოფილიყო ელექტრო ჩართვა, ე.წ. მოკლე ჩართვა, რომელმაც შემდგომში გამოიწვია აალება. თუმცა როგორც გითხარით, ამ ყველაფერზე უნდა იმუშავოს გამოძიებამ", — თქვა მან.

14 ოქტომბერს რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის დროს ორი პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაცია უწყებამ მხოლოდ მეორე დღეს, მას შემდეგ დაადასტურა, როცა ადვოკატებმა და მედიამ გაასაჯაროეს. 15 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არც პენიტენციურმა და არც ინსპექტორის აპარატმა მომხდარის შესახებ არ აცნობეს.

სახალო დამცველი ამბობს, რომ დაშავებულებზე ინფორმაცია არ აქვს, რაც შეეხება გარდაცვლილებს, მისი თქმით, ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ არ იცის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალენ, თუ მანამდე.

ასევე, უცნობია გარდაცვალება დაკვამლიანებამ გამოიწვია თუ დამწვრობამ — უწყება ამ ეტაპზე მეტ დეტალს არ ასაჯაროებს. მომხდართან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევაზე გამოძიება დაიწყო.