ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პატიმრობიდან არ გაათავისუფლონ, ამიტომ, საჭიროდ მიიჩნევს, მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიური აქციები გაიმართოს. მორიგ წერილში, რომელიც ადვოკატებს გამოატანა, ის მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

"რა თქმა უნდა, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ამიტომ ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები, სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში, რადგან ბოლომდე შევძლებ თქვენსა და ქვეყნის დახმარებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმთელი და გარეთ ვიქნები და ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ და გარეთ რომ ვიქნები, ერთად სასწაულებს მოვახდენთ, ზუსტად ვიცი", — აცხადებს სააკაშვილი.

ამასთან, წერილში სააკაშვილი ემიგრანტებს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების დასამარცხებლად უცხოეთში მყოფი ათასობით ადამიანის ქვეყანაში ჩამოსვლაა საჭირო.

"ასევე მინდა, მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის. სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია, გამარჯვება მართლა ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ, ძალიან მალე. ჩვენ გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი, გადაადგილება ბევრ სირთულესთან არის კავშირში, მაგრამ ახლა ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად", — დასძენს ის.

14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, სადაც ათასობით ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი წაიკითხა. წერილში ის საზოგადოებას "დიდი შერიგებისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ წყენა და უარყოფითი ემოციები, რადგან კიდევ ერთი რევანში მორალურად გაგვანადგურებს.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.