ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის თქმით, არ სჯერა, რომ მისი მოწოდებები ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, შესრულდება. ის ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის და საქმეს "პოლიტიკური მართლმსაჯულების სუნი ასდის".

"მე მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს პრაქტიკა შეაჩეროს და არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ყველა სხვა შემთხვევაშიც ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო პროცესები იმართებოდეს. სიმართლე გითხრათ არ მჯერა, რომ ჩემი ეს მოწოდება შესრულდება, რადგან საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ აქტიურად იყენებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და ეს საქართველოს სვლას ევროპისკენ ძალიან აფერხებს", — ამბობს კუბილიუსი. [მთავარი არხის თარგმანი]

ანდრიუს კუბილიუსს აქამდეც უსაუბრია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა არ არის კარგი. მისი თქმით, საქართველოს მართლმსაჯულებას რეფორმები სჭირდება.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარებმა, ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ერთობლივი წერილით შეშფოთება გამოხატეს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო მუქარაზე. ისინი ამ შემთხვევაშიც სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე საუბრობდნენ.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ საქართველოშია. ის უკვე 15 დღეა შიმშილობს.