ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, გუშინ, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციამ მას არაფერი დაანახა. მისი თქმით, უმნიშვნელოა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით რამდენი ადამიანი შეიკრიბება, რადგან ექსპრეზიდენტი დამნაშავეა.

"შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი არ დამანახა. რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც არსებობენ და რომლებსაც დააბიჯეს ფეხი ღირსებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე, სისხლი ადინეს, გაცილებით, ათჯერ, თუ მეტჯერ არა, გაცილებით მეტია საქართველოში, ვიდრე შეკრებილები. მაგრამ რაოდენობით არ მინდა შევაფასო, დემოკრატიული ქვეყანაა, 14-15 ათასი შეიკრიბება, თუ როგორც რუსეთის მედიამ აღნიშნა, 100 ათასი შეიკრიბება, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს საკითხის არსს, და ეს არსი არ იცვლება, სააკაშვილი არის მთელ რიგ საკითხებში დამნაშავე", — ამბობს ვოლსკი.

14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა, სადაც ათასობით ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი წაიკითხა. წერილში ის საზოგადოებას "დიდი შერიგებისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ წყენა და უარყოფითი ემოციები, რადგან კიდევ ერთი რევანში მორალურად გაგვანადგურებს.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.

ამავე თემაზე: