NASA შაბათს მისია Lucy-ის კოსმოსში გასაშვებად ემზადება. რეისმა შესაძლოა, პლანეტური საწყისებისა და მზის სისტემის ჩამოყალიბების შესახებ ჩვენი ცოდნა მნიშვნელოვნად შეცვალოს.

კოსმოსური ზონდი United Launch Alliance Atlas V 401 რაკეტის ზემოდან გაფრინდება კანავერალიდან (ფლორიდა).

მისია შორეული ასტეროიდების დასახლებისაკენ მიემართება, მათ კი ტროელების სახელით ვიცნობთ. პრიმიტიულ სხეულებს იუპიტერთან საზიარო ორბიტა გააჩნია და ჩვენი მზის სისტემის ჩამოყალიბების დროით თარიღდება.

ივარაუდება, რომ ისინი მთელი მზის სისტემიდან მოვიდა და 4,6 მილიარდი წლის წინანდელი პირობების მტკიცებულებებს ინახავს — დედამიწა და სხვა პლანეტები სწორედ ამ დროს ყალიბდებოდა.

ისინი იუპიტერის მძლავრმა გრავიტაციამ რამდენიმე მილიარდი წლით მოიმწყვდია ორ გუნდად: ერთი პლანეტას უსწრებს წინ, მეორე კი მისდევს.

ტროელებისკენ მოგზაურობა 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება. კოსმოსში წასვლის შემდეგ, Lucy დედამიწაზე ორი დამხმარე გრავიტაციული მანევრისათვის დაბრუნდება. მანევრები მის ორბიტას ენერგიას შემატებს და წინმსწრებ გუნდში შეტყორცნის, სადაც იგი 2027-28 წლების ვადაში 4 ტროელს შეხვდება. იგი გზად ასტეროიდთა მთავარ სარტყელსაც ჩაუვლის 2025 წელს.

სანამ Lucy შემდეგი გუნდისაკენ გაემართება, რათა კიდევ ერთ ტროელს ჩაუფრინოს 2033 წელს, ჯერ დედამიწაზე დაბრუნდება. კოსმოსური ხომალდი ტროელთა ორ გუნდს შორის ყოველი ექვს წლის შუალედით იმოძრავებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.