სულ რამდენიმე საათის წინ ადელმა ახალი სიმღერა გამოუშვა, რომელსაც ერთგული მსმენელები უკვე წლებია, ელოდებოდნენ.

Easy on Me — ასე ჰქვია ახალ ემოციურ ბალადას, რომლითაც ადელი მუსიკალურ კარიერას ექვსი წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა: მისი წინა ალბომი, სახელწოდებით 25, 2015 წელს გამოვიდა.

იმდენად ბევრი ადამიანი ელოდა ამ სიახლეს მოუთმენლად, რომ YouTube-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეოკლიპმა პრემიერიდან 8 საათში 15 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

ახალი ვიდეოკლიპი ცნობილმა კანადელმა რეჟისორმა, ქსავიე დოლანმა გადაიღო. აღსანიშნავია, რომ სწორედ დოლანი იყო ადელის წინა ალბომიდან პირველი სინგლის Hello ვიდეოკლიპის რეჟისორიც.

მაყურებლებმა მალევე შენიშნეს მსგავსება ამ ორ ვიდეოს შორის: Hello-ში ადელი ძველ სახლში ჩადის და ტელეფონზე რეკავს; Easy on Me-ში კი ჩემოდანს ალაგებს და სახლს ტოვებს.

მსგავსების დაჭერა შესაძლებელია ადელის უფრო ადრეულ შემოქმედებასთანაც, მაგალითად, Rolling In The Deep-ის საკულტო ვიდეოკლიპთან.

წინა ალბომების მსგავსად, ადელის ახალი ალბომის სახელწოდება მის ასაკთან დაკავშირებული იქნება: 30. სწორედ 30 წლისა იყო ეს ბრიტანელი მისიკოსი, როცა ქმარს გაშორდა და არც მალავს, რომ ახალი მუსიკალური ჩანაწერები მთლიანად ამ გამოცდილებითაა შთაგონებული.

ალბომი 30 სრულად 19 ნოემბერს გამოვა.