შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 14 ოქტომბრის აქციის დროს, თბილისის საკრებულოს შენობაში მობილიზებული ტექნიკა პოლიციელებს შორის კომუნიკაციისთვის გამოიყენება. უწყებაში განმარტავენ, რომ მსგავსი ტექნიკის მობილიზება ხდება ყოველთვის, როცა შესაძლოა საჭირო გახდეს მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაცია საპოლიციო დანაყოფებს შორის.

"აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს, როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს. ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით", — აცხადებენ შსს-ში.

გუშინ, აქციის დასრულების შემდეგ, ენმ-ს თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ საკრებულოს შენობაში ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურა იპოვა.

14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მიმდინარეობისას ინტერნეტის ხარვეზზე საუბრობდა მთავრი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც. ის ამბობდა, რომ აქციაზე "ყველაფრის დახშობა დაიწყეს".