დაივიწყეთ დინამიკებში ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა და ქოთნებში დამალული კამერები — მთელი ეს დრო თქვენ შეიძლება ნათურიდან გისმენდნენ. ისრაელელი კიბერუსაფრთხოების ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ტელესკოპისა და რამდენიმე სხვა ხელსაწყოს დახმარებით, უბრალო ნათურაზე დაკირვებით ეს შესაძლებელია.

თეორია ასეთია — ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ნათურას იმდენად ახლოდან, ისეთი ხელსაწყოებით, რომ გავზომოთ მისი სპირალის რხევა, რომლებიც ხმის ტალღებითაა გამოწვეული. ამის საშუალებას ტელესკოპი და ელექტრო-ოპტიკური სენსორები იძლევა. ჩვენ შეგვიძლია აღვწეროთ ის რხევები, რომლებსაც ბგერის ტალღები იწვევენ. ამით კი შევძლებთ გავიგოთ თუ რას ლაპარაკობენ მოშორებით მყოფ ოთახში.

ნეგევის ბენ-გურიონის უნივერსიტეტისა და ვეისმანის მეცნიერებათა ინსტიტუტის კიბერუსაფრთხოების მკვლევრებმა ნაშრომზე მუშაობა 2020 წელს დაიწყეს.

გუნდმა ჩაატარა ექსპერიმენტი და 25 მეტრით დაშორებულ ოთახში, ფანჯრის გავლით, ნათურაზე დაკვირვებით ხმის ჩაწერა შეძლო. ელექტრო-ოპტიკური სენსორი ტელესკოპზე იყო მოთავსებული და ნათურას აკვირდებოდა. მიღებული ინფორმაცია ანალოგურიდან ციფრულზე კონვერტირდება, შემდეგ კი მას ალგორითმი სწავლობს.

ნაშრომის მიხედვით, ამ ტექნიკით ხმის გარჩევა იდეალური სისუფთავით შეიძლება. მკვლევრებმა დასაკვირვებელ ოთახში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფრაზა — "We will make America great again!" — ჩართეს. ხმის ჩაწერა 25 მეტრის დაშორებიდან მოხდა და როგორც ვიდეოდან გესმით, ის მართლაც საკმაოდ კარგად ჟღერს. ხმის გარჩევა Google-ის Automatic Speech Recognition-მაც შეძლო. მათ ასევე რამდენიმე სიმღერის ბგერების მოსმენაც შეძლეს. შედეგი იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ ტრეკები შაზამმაც გაარჩია.

თუმცა, ამ ტექნიკას სუსტი მხარეებიც აქვს. ყველა ნათურაზე დაკვირვება შეუძლებელია. ასევე, ნათურა ხმის გამომცემ ობიექტთან ახლოს უნდა იყოს და ასევე, ტელესკოპში ნათურა გარკვევით უნდა ჩანდეს.