თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველაფერს უსმენენ, მათ შორის ეკლესიასაც და ღმერთი ყველას უსმენს.

"არ მაინტერესებს სუს-ის ფაილები და რა გავაკეთო? არ მაინტერესებს. შეიძლება, იყოს 5% სიმართლე და 95% მიკერებული რაღაცები[...]

ეკლესიასაც უსმენენ, ყველაფერს უსმენენ და ღმერთი ყველას გვისმენს ჩვენ. სახელმწიფო რომ გვისმენს, თუ გადამეტებულია, არ არის სწორი", — ამბობს ის.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. ოფიციალურად მათი ავთენდურობა დადასტურებული არ არის, თუმცა არაერთმა ადამიანმა ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.

ატვირთულია Word-ის ასობით ფაილი, რომლებშიც ჩანს, რომ შესაბამისი სამსახურები სწავლობენ სასულიერო პირების (და არამარტო) კავშირებს, უსმენენ სატელეფონო საუბრებს, კითხულობენ მესიჯებს და აგროვებენ "კომპრომატებს" პირადი ცხოვრების შესახებაც.

ყველა ამ დოკუმენტში ჩამოთვლილია მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, რომლებსაც კონკრეტულ ადამიანებთან აქვთ "ინტიმური კავშირი". მითითებულია ამ მოქალაქეების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასევე, ფაილს დართული აქვს ფოტოები. სწორედ ამ მასალებში არის დასახელებული რამდენიმე სასულიერო პირი, რომლებსაც პედოფილიაში ედებათ ბრალი. მასალებში გვხვდება ინფორმაცია სავარაუდო სექსუალური ძალადობისა და იძულების ფაქტების შესახებაც.

გაიგეთ მეტი გავრცელებულ ჩანაწერებზე: