საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ აღარ სურს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბარი. მისივე თქმით, ამ თემაზე დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების დროს ბევრი ემოცია დაიხარჯა.

"მე აღარ მინდა, უბრალოდ, პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი. საკმარისია, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი განცხადებაც გაკეთდა, ბევრი ემოციებიც დავხარჯეთ, ახლა საქმეზეა კონცენტრირება საჭირო", — თქვა ღარიბაშვილმა.

მიუხედავად ამისა პრემიერმინისტრმა სააკაშვილზე საუბარი გააგრძელა. მისი მტკიცებით, ექსპრეზიდენტი ქვეყანაში დესტაბილიზაცისა და პროვოკაციისთვის ჩამოვიდა.

"პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, ძალიან მძიმე პროვოკაცია და მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც", — დასძენს ის.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომებრს დააკავეს. მანამდე, ექსპრეზიდენტი აქტიურად აცხადებდა, რომ გეგმავდა საქართველოში დაბრუნებას. 27 სექტემბერს მან თვითმფრინავის ბილეთი გაავრცელა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს უნდა ჩამოფრენილიყო. პირველი ოქტომბრის დილით, სააკაშვილმა ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელმაც შექმნა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ის უკვე საქართველოში ყოფილიყო. ამასთან, მან გაავრცელა ორი ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ბათუმში იყო ფონად კი ქალაქის ხედი ჩანდა.

პირველ ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, ქართული ოცნების წევრები აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და მისი ვიდეო არაავთენტური იყო. საზღვრის გადმოკვეთა უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. დღის ბოლოს, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. მას არ დაუკონკრეტებია სად დააკავეს ის და გადმოკვეთილი ჰქონდა თუ არა საზღვარი.

ექსპრეზიდენტის დაკავებიდან მალევე, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს ინფრორმაცია, რომ ის საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ქართული ოცნების წევრებმა კი დაიწყეს მტკიცება, რომ ინფორმაცია ყველაფრის შესახებ ჰქონდათ, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სიმართლეს არ ამხელდნენ. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და "ოპერატიული ტაქტიკის" გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება. მან ბოდიშიც კი მოუხადა თანაგუდელებს იმის გამო, რომ სიმართლეს ვერ ამბობდნენ. 4 ოქტომბერს პროკურატამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სააკაშვილი საქართველოში 29 სეტემბერს შემოვიდა.