EPAM Engineering Hackathon: Design your future-ის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რჩეული გახდა გუნდი Dart Team, რომელმაც ინკლუზიური გარემოს აპლიკაცია შეიმუშავა. საუბარია ინტერაქტიული რუკის პროტოტიპზე, რომელმაც ეტლით მოსარგებლეებს გადაადგილებასთან და საჯარო სივრცეებით სარგებლობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სამსახური უნდა გაუწიოს.

იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეტლით მოსარგებლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ სპეციალური რუკით, რომელიც საშუალებას მისცემს მათ მიიღონ ადგილმდებარეობებზე დაფუძნებული ინფორმაცია ამა თუ იმ ობიექტისა თუ ქუჩის ადაპტირებულობის შესახებ.

როგორც EPAM Georgia-ში გვიყვებიან, პროდუქტი მობილური აპლიკაციის სახით შეიქმნა, რომელიც თავსებადია როგორც iOS, ასევე Android-ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებთან. "აუცილებელია აღინიშნოს, რომ ასევე უნდა არსებობდეს სპეციალური ორგანიზაცია, რომელიც აპლიკაციით მისაწოდებელ კონტენტს უნდა ქმნიდეს და ინარჩუნებდეს", — ამბობენ EPAM-ში.

"ჰაკათონი ამ გადაწყვეტის საწყისი წერტილი იყო, ახლა ვმუშაობ იმაზე, რომ სტაბილური პროტოტიპი მივიღო, იმისათვის რომ რეალურ გარემოში დავტესტო. ასეთი პირველადი ვერსიის შექმნა 3-4 კვირაშია მოსალოდნელი", — გვიყვება Dart Team-ის წევრი და პროტოტიპის თანაავტორი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ციფრული პროდუქტის მნიშვნელობა დიდია როგორც ადგილობრივი ეტლით მოსარგებლეთათვის, რომლებიც ინსფრასტრუქტურული პრობლემებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად, გადაადგილებასთან დაკავშირებულ არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან, ასევე ეტლით მოსარგებლე ტურისტებისთვისაც, რომლებისთვისაც არაადაპტირებული გარემო პრობლემურია.

როგორც უკვე ვთქვით, ჰაკათონს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უჭერდა მხარს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას და ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების მშენებლობას. "გამოვიყენეთ სოციალური ჰაკათონის შესაძლებლობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის საკითხი ჰაკათონის მონაწილეებს ერთ-ერთი ამოცანის სახით შევთავაზეთ", — ამბობს სესილი ვერძაძე, UNDP-ს გადაწყვეტების იდენტიფიცირების ხელმძღვანელი.

"საქართველო თანდათან იმკვიდრებს თავის ადგილს მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე. ტურისტული სექტორის წარმატებული განვითარებისთვის, აუცილებელია, რომ შესაბამისი სივრცეები, სერვისები და სხვა ტიპის მომსახურება სრულად იყოს მორგებული სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებზე. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ინკლუზიური გარემოს შექმნა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ და ჩვენი ცხოვრების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს", — ამბობს ელენა დარჯანია, UNDP-ის ექსპერიმენტების ხელმძღვანელი.

აპლიკაციის პროტოტიპის ავტორები ახლა პროდუქტის დახვეწაზე მუშაობენ, რის შემდეგაც ის რეალურ გარემოში გამოსაცდელად მზად იქნება. ამ კუთხით კი, როგორც ისინი ამბობენ, სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი. ამდენად, UNDP Georgia მნიშვნელოვანი მოკავშირეა მათთვის, რომ აპლიკაციის ციფრული ნაწილის რეალურ სამყაროსთან დაკავშირება და მისგან რეალური სარგებლის მიღება მოხერხდეს. აპლიკაციის ტექნოლოგიური მხარის სრულყოფის შემდეგ, გუნდს ახალი გამოცდილება და გამოწვევები ელოდება. ხოლო რაც შეეხება ჰაკათონს:

"ეს იყო არაჩვეულებრივი ღონისძიება, რომლის შედეგადაც რამდენიმე შესანიშნავი პროტოტიპის მიღება მოხერხდა. კარგია, რომ ინჟინრები მზად არიან მსგავს სოციალურ ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა, იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესი გახადონ. ამ მომენტისთვის მე უკვე ვმუშაობ იმაზე, რომ ეს რუკა ფუნქციური გავხადო, რამდენადაც ექსტრემალურად მნიშვნელოვანია, ჩავატაროთ რეალური ცდები და შევქმნათ პროდუქტი, რომელიც გამოსადეგია ადამიანებისთვის", — ამბობს Dart Team-ის წევრი.