ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას უწოდებს. უგულავა აღნიშნავს იმასაც, რომ ამან საზოგადოება ვერ გააერთიანა.

"როგორ შეიძლება ასეთი ფსკერი არსებობდეს — იღლიცინო შიმშილობაზე, რასაც დღეს ჩვენ უმრავლესობის, გადამძღარი დეპუტატების მხრიდან ვისმენთ [...] ფაქტია, რომ შიმშილობა ჩვენ ვერ გაგვაერთიანებს, და ნუ მივალთ იქამდე, რომ გაგვაერთიანოს პრეზიდენტის სიკვდილმა, რაც მოხდა უკვე ერთხელ", — განაცხადა უგულავამ ფორმულას ეთერში.

მიხეილ სააკაშვილი 13 დღეა შიმშილობს. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმი განმარტავს, ეს შიმშილობის გამო მოხდა და მას უჭირს საუბარი და მოძრაობა. პასუხად პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, როგორც მოშიმშილე, სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.

გარდა ამისა, 8 ოქტომბერს პენიტენციულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება. ამას უპასუხა სააკაშვილის ექიმმა და თქვა, რომ თაფლს მხოლოდ ერთ კოვზს იღებდა და ჩაიში აგდებდა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციაზე სპეკულაციების შემდეგ სააკაშვილმა თაფლის მიღებაც შეწყვიტა.