პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, თუ თვლის, რომ ადამიანი პოლიტპატიმარია, მის მხარდამჭერ აქციაზეც მივა. ასე გამოეხმაურა ის ოპოზიციური პარტიების ნაწილის გადაწყვეტილებას, რომლებიც 14 ოქტომბერს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდებიან.

"პოლიტიკური ნიშნით ადამიანის პატიმრობა ნიშნავს მის უკანონო პატიმრობას. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი დანაშაულის გარეშე იმყოფება საპყრობილეში. ამ შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ეს ადამიანი. მე თუ ვთვლი, რომ ადამინი ხელისუფლებამ უკანონოდ ჩასვა ციხეში, მე მის მხარდასაჭერ აქციაზე მივალ, ვისი ორგანიზებულიც არ უნდა იყოს ეს. იმიტომ, რომ ამ ადამიანის უკანონო პატიმრობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ჩემი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი", — განაცხადა იოსელიანმა პალიტრანიუსის ეთერში.

იოსელიანი ამბობს, რომ უკვირს იმ პოლიტიკური პარტიებისგან აქციაში მონაწილეობაზე უარის თქმა, ვინც ნაციონალურ მოძრაობასთან სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობას განიხილავდა.

"პოლიტიკური პარტიები, ძალიან ხშირად, ნაციონალურ მოძრაობასთან ისეთი ტიპის კონსულტაციებს მართავენ, ისეთი ტიპის კონფიგურაციაზე მსჯელობენ, მათ შორის კოალიციურზე, სადაც ასეთი უკან დახევა ჩემთვის გაუგებარი არის", — ამბობს იოსელიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, მათი დიდი ნაწილი ხვალ, 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება.

გაიგე მეტი: