ანიმეს მოყვარულებისთვის მშვენიერი სიახლე გვაქვს: ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალის, Attack On Titan-ის ფინალური სეზონის მე-2 ნაწილის ტრეილერი აქაა და ის დაუვიწყარ სანახაობას გვპირდება.

ტრეილერთან ერთად ფინალური სეზონის ახალი ეპიზოდების გამოსვლის თარიღიც ცნობილია. ერენის, ტიტანებისა და მათ წინააღმდეგ მებრძოლი კაცობრიობის ისტორია 2022 წლის 9 იანვრიდან გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სერიალის მე-4 სეზონის პირველი ნაწილი 2021 წელს ვიხილეთ. ის 16 ეპიზოდისგან შედგებოდა, თუმცა ფინალური სეზონის მეორე ნაწილის ეპიზოდების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო სეზონი Attack On Titan-ის მანგას (ე.წ. იაპონურ კომიქსს) ბოლომდე დაფარავს და ჩვენი საყვარელი პერსონაჟების ისტორიის დასასრულსაც ვიხილავთ.

მართალია, ახალ ტრეილერში მომდევნო სეზონიდან მხოლოდ რამდენიმე კადრის ნახვა შეგვიძლია, თუმცა გულშემატკივრებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ წინა სეზონების მსგავსად, დარჩენილი ეპიზოდებიც შთამბეჭდავი, დაძაბული და დაუვიწყარი იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ გასული 75 ეპიზოდის შესაჯამებლად დამატებით 6 ეპიზოდი გამოვა, რომლებიც ფინალური სეზონისთვის კიდევ ერთხელ შეგვამზადებენ. გავრცელებული ინფორმაციით, დამატებით 3 ეპიზოდს პერსონაჟების — ლივაის, ენისა და მიკასას შესახებაც ვნახავთ. აღნიშნული სერიები 25 ოქტომბერს იაპონიაში NHK-ზე გამოვა. ექნებათ თუ არა იაპონიის გარეთ მცხოვრებ ფანებს სპეციალური ეპიზოდების ნახვის შესაძლებლობა, ჯერჯერობით უცნობია.

Attack On Titan-ის პრემიერა 2013 წელს შედგა და მისი პოპულარულობა მსოფლიოში დღითიდღე იზრდება. სერიალს კრიტიკოსები ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ანიმედ მიიჩნევენ. Attack On Titan IMDb-ზე 9 ქულითაა შეფასებული.

ამავე თემაზე: