კიბერცნობიერების ამაღლების თვეს მსოფლიო ყოველწლიურად, კიბერუსაფრთხოების სფეროში რისკების შემცირებისა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით აღნიშნავს.

მოსახლეობისათვის საფინანსო სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოებისადმი ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები სწრაფს და ეფექტურს ხდის ფინანსური და მასთან დაკავშირებული სხვა სახის მომსახურების მიღებას. თუმცა, ამავდროულად, იზრდება გარკვეული კიბერრისკებიც. საქართველოს ეროვნული ბანკი დიდ ყურადღებას აქცევს საფინანსო სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს და მოქალაქეებს რეგულარულად მოუწოდებს სიფრთხილის გამოჩენისაკენ.

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის აღნიშვნას საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებთან ერთად წელს პირველად უერთდება.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და საქართველოში ლიცენზირებული ხუთი კომერციული ბანკის — თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკი ჯორჯიას, ბაზისბანკისა და პაშა ბანკი საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში შერჩეული ნამუშევრები, რაც მოიცავს შესაბამის პოსტერს, რომელსაც ავტორის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია თან ერთვოდეს სათანადო სლოგანი, საქართველოს ეროვნული ბანკის, ა(ა)იპ საქართველოს საბანკო ასოციაციისა და ზემოაღნიშნული კომერციული ბანკების ვებგვერდებსა და მის შესაბამის ოფიციალურ სოციალური მედიის (Facebook, Instagram, LinkedIn და ა.შ.) არხებზე გამოქვეყნდება.

პირველი ადგილის მფლობელს საჩუქრად გადაეცემა საგადახდო ბარათი — 1500 ლარის ოდენობით, მეორე ადგილის მფლობელს კი საჩუქრად გადაეცემა პლასტიკური ბარათი — 1000 ლარის ოდენობით. მესამე ადგილის მფლობელს საჩუქრად გადაეცემა პლასტიკური ბარათი — 800 ლარის ოდენობით.

კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვისადმი მიძღვნილი კონკურსი დაიწყება 2021 წლის 13 ოქტომბერს და დასრულდება 2021 წლის 25 ოქტომბერს. კიბერუსაფრთხოების თემაზე ჩატარებული პოსტერებისა და სლოგანების კონკურსის მთავარი მიზანი საფინანსო სფეროში ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე მოქალაქეთა ფოკუსირება და ცნობიერების ამაღლებაა.

კონკურსის ტიპი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისა), რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ მოცემულ საკონკურსო პირობებს და წარმოადგენენ ნამუშევარს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წინასწარ დადგენილ ვადებში.

ასევე, ამავე კონკურსის ფარგლებში დაინტერესებული პირი კონკურსში მონაწილეობით აცხადებს თანხმობას, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გამარჯვებულ მხარეთა შორის ურთიერთობები დარეგულირდება საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. გასათვალისწინებელია, რომ კონკურსზე წარდგენილი გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება საჯაროდ.

კონკურსის პირობები

  1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სრულწლოვან მოქალაქეებს;
  2. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს;
  3. კონკურსის მონაწილეობისათვის საჭიროა, კონკურსანტმა წარმოადგინოს ნამუშევარი, რომელიც მოქალაქეს მოუწოდებს სიფრთხილისკენ საკუთარი პერსონალური და საბანკო/საფინანსო ინფორმაციის გაცემისას. ასევე, დააფიქრებს პირად პასუხისმგებლობაზე საკუთარი ფინანსების განკარგვისას;
  4. ნამუშევარი შექმნილი უნდა იყოს კონკურსანტის მიერ სპეციალურად ამ კონკურსის ფარგლებში;
  5. თუ ნამუშევარში გამოყენებულია ისეთი ინფორმაცია, რომელიც მისი ავტორის პირად მოსაზრებას არ წარმოადგენს, უნდა მიეთითოს ამ ინფორმაციის წყარო, ამასთან, ავტორმა უნდა დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი, მათ შორის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

პოსტერების/სლოგანების წარდგენის ფორმა და ვადა

  1. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს JPG, PNG ან PDF ფორმატით;
  2. კონკურსანტმა თავისი ნამუშევარი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: [email protected] და დაელოდოს მიღების შესაბამის დასტურს. კონკურსანტმა წერილის სათაურად უნდა მიუთითოს პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი, ხოლო, შეტყობინების შინაარსში — თავისი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და საცხოვრებელი მისამართი.

ნამუშევრების მიღების, განხილვისა და გამარჯვებული მონაწილეების გამოვლენის ვადები და პირობები

ნამუშევრების ათი წევრისგან შემდგარი კომისია განიხილავს და შეაფასებს. კომისიის წევრები იქნებიან საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციის და ზემოაღნიშნული კომერციული ბანკების წარმომადგენელები.

გამარჯვებული ნამუშევრები გამოქვეყნდება 2021 წლის 29 ოქტომბერს და საქართველოს ეროვნული ბანკისა და ზემოაღნიშნული კომერციული ბანკების სოციალური მედია პლატფორმებზე განთავსდება.