ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო ტრადიციას უერთდება და წელს პირველად, კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე, მსოფლიო მასშტაბით, ოქტომბერში აღინიშნება. წლევანდელი სლოგანია — შეიტანე წვლილი. #იყავი კიბერფრთხილი.

ფოტო: ეროვნული ბანკი

ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები სწრაფს და ეფექტიანს ხდის ფინანსური და მასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების მიღებას, ამავდროულად, იზრდება გარკვეული კიბერრისკებიც. საბანკო/საფინანსო ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყნის მთავარმა ბანკმა არაერთი პროექტი უკვე განახორციელა.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო ასოციაციისა და ხუთი კომერციული ბანკის — თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკი ჯორჯიას, ბაზისბანკისა და პაშა ბანკი საქართველოს ჩართულობითა და მხარდაჭერით, კიბერცნობიერების ამაღლების მიზნით, კიბერუსაფრთხოების თემაზე შექმნილი პოსტერებისა და სლოგანების კონკურსს აცხადებს.

ეროვნული ბანკი, კიბერცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებულ აქტივობებს, კომერციულ სექტორთან ერთად მთელი თვის განმავლობაში განახორციელებს.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.