"პოდიუმის კოლექციებიდან ავტომობილების ინტერიერამდე, ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, ვიპოვოთ მასალების ეკოლოგიურად მდგრადი ალტერნატივა", — ამ კონცეფციაზეა დაფუძნებული პრემიუმ ბრენდის ვოლვოსა და თამამი ნაბიჯებითა თუ ინოვაციებით ცნობილი დიზაინერის, ფილიპ ლიმის კოლაბორაცია. სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული ბრენდები წარმოებაში ეკომეგობრული მასალების გამოყენების იდეამ გააერთიანა. ასეთი ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა სამგზავრო ჩანთა მათთვის, ვისთვისაც გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

3.1 ფილიპ ლიმი ალტერნატიული მასალების მოპოვების საზღვრებს სცდება და თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში რევოლუციას ახდენს წყალმცენარეებისგან დამზადებული კაბებით თუ მაღალხარისხიანი გადამუშავებული მასალებით.

დიზაინერის სამგზავრო ჩანთის ლიმიტირებული ხაზი ვოლვოს ინტერიერის ახალი ეკოლოგიურად მდგრადი მასალისგან, სახელწოდებით Nordico-სგან შეიქმნა. ეს თანამშრომლობა ვოლვოს იმ განაცხადს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც C40 Recharge-ით დაწყებული, ბრენდის ყველა ახალი, სრულად ელექტროენერგიაზე მომუშავე მოდელი ტყავის გარეშე, ეკომეგობრული მასალით აღიჭურვება.

ფოტო: თეგეტა

Nordico ვოლვო ქარსის მიერ შექმნილი ახალი, მაღალი ხარისხის ინოვაციური მასალაა, რომელსაც პირველად ბრენდის მომავალი თაობის სრულად ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილებში გამოიყენებენ. ეს არის ქსოვილი, რომელიც პლასტმასის ბოთლების, შვედეთისა და ფინეთის მდგრადი ტყეების ბიო-მასალებისა და კორპის საცობების გადამუშავებით მზადდება. სწორედ ასეთი მასალით შეიქმნა აქსესუარი უქმეების ხანმოკლე დასვენებისათვის. ჩანთას აქვს შესანახი სივრცე, ორმაგი სახელური და სპეციალური სახელობითი ქისა.

"ჩვენი ფასეულობები სრულად დაემთხვა ვოლვოს მიზნებს. ახალი, ეკოლოგიურად სუფთა მასალით უნდა მივაღწიოთ საუკეთესო დიზაინს, უმაღლესი ხარისხის გარანტიით", — განაცხადა 3.1 ფილიპ ლიმის თანადამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა ფილიპ ლიმმა.

ამ ხედვას იზიარებს და გადაწყვეტილებებში დარწმუნებულია კომპანია ვოლვოც. წინ მომავლის ავტომანქანებია ამავე შთაგონებით შექმნილი სალონით, რაც ტყავზე უარის თქმას და ეკომეგობრული, უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებას გულისხმობს. ვოლვო ქარსში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს არის ახალი სტანდარტი პრემიუმ კლასის ავტომობილებში.