კოსმოსის ექსპერტებმა უჩვეულო რადიოტალღები დააფიქსირეს, რომლებიც ირმის ნახტომის ცენტრიდან მოდის. ახალ კვლევაზე დაყრდნობით, ეს სიგნალი არცერთ ფენომენს არ ჰგავს, რაც კი აქამდე შეუსწავლიათ და შესაძლოა, აქამდე უცნობი ვარსკვლავური ობიექტის არსებობაზე მიანიშნებდეს. კვლევა ჟურნალ The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა სამშაბათს, 12 ოქტომბერს.

როგორც ზიტენგ ვანგი, კვლევის მთავარი ავტორი და სიდნეის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი აცხადებს, ობიექტის სიკაშკაშე დრამატულად იცვლება, სიგნალი კი აშკარად ალალბედზე ინთება და ქრება.

"ამ ახალი სიგნალის ყველაზე უცნაური თავისებურება ისაა, რომ მას ძალიან მაღალი პოლარიზაცია გააჩნია. ეს ნიშნავს, რომ მისი სინათლე მხოლოდ ერთი მიმართულებით ირხევა, თუმცა ეს მიმართულება დროის სვლასთან ერთად ბრუნავს", — განაცხადა მან.

გუნდმა თავდაპირველად იფიქრა, რომ საქმე პულსართან — ძალიან მკვრივ, სწრაფად ბრუნვად ნეიტრონულ (მკვდარ) ვარსკვლავთან — ან ისეთ ვარსკვლავთან ჰქონდათ, რომელსაც მზის უზარმაზარი ამოფრქვევები ახასიათებს. მიუხედავად ამისა, რადიოტალღათა ახალი წყაროდან მიღებული სიგნალები ისეთი სულაც არაა, როგორსაც ასტრონომები ამ ტიპის ვარსკვლავებისაგან მოელიან.

ობიექტს ღამის ცაზე მისი კოორდინატების მიხედვით შეარქვეს სახელი: ASKAP J173608.2-321635.

"ობიექტი იმით გამოირჩეოდა, რომ თავიდან უხილავი იყო, შემდეგ კაშკაშა გახდა, თანდათანობით გაქრა და მერე ისევ ხელახლა გამოჩნდა. ეს ექსტრაორდინალური ქცევა იყო", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა ტარა მერფიმ, სიდნეის უნივერსიტეტის პროფესორმა.

იგი პირველად ცის გამოკვლევისას დააფიქსირეს, როდესაც ASKAP-ის რადიოტელესკოპს იყენებდნენ. ASKAP-ს 36 თეფში აქვს, რომელიც ერთობლივად ისევე მუშაობს, როგორც ერთი ტელესკოპი. იგი მურჩისონის რადიოასტრონომიის ობსერვატორიაშია, დასავლეთ ავსტრალიაში. შემდგომი დაკვირვებები Parkes-ის რადიოტელესკოპით, ახალ სამხრეთ უელსში და სამხრეთ აფრიკაში, MeerKAT-ის ტელესკოპით ჩატარდა.

მიუხედავად ამისა, Parkes-ის ტელესკოპმა სიგნალთა წყაროს ვერ მიაგნო.

"ამის შემდეგ ჩვენ MeerKAT-ის მეტად მგრძნობიარე რადიოტელესკოპი ვცადეთ სამხრეთ აფრიკაში. გამომდინარე იქიდან, რომ სიგნალი პერიოდული გახლდათ, ყოველ რამდენიმე კვირაში ერთხელ ვაკვირდებოდით 15 წუთით და იმედი გვქონდა, რომ მას ხელახლა ვიხილავდით", — გვაუწყა მერფიმ.

ასევე იხილეთ: ასტრონომებმა ჩვენი გალაქტიკის ცენტრიდან მომავალი უჩვეულო რადიოსიგნალი დააფიქსირეს.

"საბედნიეროდ, სიგნალი დაბრუნდა, თუმცა აღმოვაჩინეთ, რომ წყაროს ქცევა მკვეთრად განსხვავდებოდა წინასგან — იგი სულ რაღაც ერთ დღეში გაუჩინარდა მაშინ, როცა ASKAP-ით წინა დაკვირვებების დროს რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა ხოლმე".

მერფის თქმით, შესაძლოა, საიდუმლოს ამოხსნაში მათ უფრო ძლიერი ტელესკოპები დაეხმაროს. ასეთია Square Kilometre Array — საერთაშორისო პროექტი მსოფლიოს უდიდესი რადიოტელესკოპის შესაქმნელად, რომლის სრულყოფაც შემდეგი ათწლეულისთვისაა მოსალოდნელი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.