კალიფორნიის შტატში სექსის დროს პარტნიორის ნებართვის გარეშე პრეზერვატივის მოხსნა არალეგალური გახდა. კალიფორნია პირველი შტატია, რომელმაც აღნიშნული ქმედება არალეგალურად ცნო. კანონპროექტს შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი.

ახალი კანონის მიხედვით, პრეზერვატივის უნებართვოდ მოხსნა სექსუალური ძალადობაა. კანონპროექტის ავტორის, კრისტინა გარსიას აზრით, ქმედება დაზარალებულს "ხანგრძლივი დროით ფიზიკურ და ემოციურ ზიანს აყენებს".

კრისტინა გარსია დიდი ხანია ამ ცვლილებას მხარს უჭერს და იმედოვნებს, რომ კალიფორნიის მაგალითს სხვა შტატებიც მიბაძავენ. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება არა მხოლოდ ამორალური, არამედ უკვე არალეგალურიცაა.

პრეზერვატივის უნებართვოდ მოხსნას სექსუალური ძალადობის პრევენციის ექსპერტები სექსუალურ ძალადობად იმიტომ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ქმედება დაცული სექსის ნაცვლად, პარტნიორის ნებართვის გარეშე, დაუცველ სექსს გულისხმობს. დაუცველი სექსი სექსუალურად გადამდები დაავადებების გავრცელების, ქალებში კი არასასურველი ორსულობის რისკს ზრდის.

2019 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 21-30 წლის ქალების 12%-ს მსგავსი რამ გამოუცდია. იმავე წელს მონაშის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უნებართვოდ პრეზერვატივის მოხსნის მსხვერპლი 3-დან 1 ქალი და 5-დან 1 კაცი ხდება.

აღსანიშნავია, რომ გარსია კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების ავტორია, რომლის მიხედვითაც, დაქორწინებულ წყვილს შორის ერთის მიერ მეორეს გაუპატიურება ისეთივე დანაშაულად ითვლება, როგორც ქორწინების არარსებობის შემთხვევაში ჩაითვლებოდა. კანონპროექტი ცოლისა თუ ქმრის ძალადობისგან ქორწინებაში მყოფი ადამიანის სათანადოდ დაცვას ემსახურება.

"გაუპატიურება გაუპატიურებაა და ქორწინების მოწმობა საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივი და სადისტური დანაშაულის ჩადენას არ ამართლებს", — განაცხადა გარსიამ.