ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ამ დრომდე სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესასვლელი საშვი არ აქვს. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ყიფშიძე მესამე დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საპატიმროში შესვლის ნებართვას ელოდება.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მას პასუხი არ აქვს მიღებული. იმედი გვაქვს, რომ მალე იქნება ეს პასუხი გაცემული. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა თანდათან უარესდება და ეს ლოგიკურიც არის, მომდევნო დღეებში კიდევ გაუარესდება ალბათ, შიმშილობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პირობებში სასიცოცლოდ აუცილებელია, რომ მის პირად ექიმს ჰქონდეს შესაძლებლობა მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირადმა ექიმმა ისაუბრა მის დაავადებებზე, შესაბამისად, მას აქვს სრული ინფორმაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და უპრიანია, რომ სწორედ მას ჰქონდეს სამედიცინო სერვისის გაწევის შესაძლებლობა", — აცხადებს საძაგლიშვილი.

ადვოკატის თქმით, პროცედურით გათვალისწინებული არ არის საშვის გაცემის კონკრეტული ვადა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პატიმარი შიმშილობს, ექიმის განცხადებაზე რეაგირება სწრაფად უნდა ხდებოდეს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ჯანდაცვის მინისტრისთვის მიმართვასთან დაკავშირებით, რომ გამოიყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი, საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტთან საუბარი არ ჰქონია და მისი ერთადერთი მოთხოვნაა, პირად ექიმს მასთან შესვლის შესაძლებლობა ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმაც გამოთქვა სურვილი არსებობდეს კომპეტენტური ექიმების კონსილიუმი ან მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომლებიც დააკვირდებიან და შეისწავლიან სააკაშვილის მდგომარეობას. მისი თქმით, აუცილებელია თავად პატიმარს და საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ექიმების განცხადებისადმი.

მიხეილ სააკაშვილი 13 დღეა შიმშილობს. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმი განმარტავს, ეს შიმშილობის გამო მოხდა და მას უჭირს საუბარი და მოძრაობა. პასუხად პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, როგორც მოშიმშილე, სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.

გარდა ამისა, 8 ოქტომბერს პენიტენციულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება. ამას უპასუხა სააკაშვილის ექიმმა და თქვა, რომ თაფლს მხოლოდ ერთ კოვზს იღებდა და ჩაიში აგდებდა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციაზე სპეკულაციების შემდეგ სააკაშვილმა თაფლის მიღებაც შეწყვიტა.

ამავე თემაზე: