შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ადამიანი, რომელმაც მოქალაქეების Facebook გვერდზე უნებართვოდ შეაღწია და მთლიანობაში, მათ 10 მეგობარს მოტყუებით გამოართვა ბანკის ბარათის მონაცემები, ასევე, ინტერნეტ ბანკის სმს პაროლები, უნებართვოდ შეაღწია მათ საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხა მოიპარა.

უწყების განცხადებით, ბრალდებული უნებართვოდ შევიდა თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook გვერდზეც და ამ ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს.

"ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის სმს პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა", — აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ადამიანი და ფინანსური ზარალი 100 ათას ლარს შეადგენს.

"ა.ბ. Facebook-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე", — წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.