საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს. საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ინდივიდუალურ კონსულტაციებს იღებენ. ბიზნესის სამომავლო განვითარების მიზნით პროგრამა კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, დარგის ექსპერტებისგან მიიღონ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ფინანსების მოზიდვა და ფინანსური ანალიტიკა, ექსპორტის დაგეგმვა, ადგილობრივი ბაზრის კვლევა, გაყიდვების ახალი არხების განსაზღვრა და ა. შ.

პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მუშაობენ სამშენებლო მასალების დამზადების, ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით, ამუშავებენ მყარ ნარჩენებს ან აწარმოებენ შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს (Personal Protective Equipment – PPE) .

ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულმა 19-მა კომპანიამ უკვე გაიარა როგორც ექსპორტის, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ტრენინგები.

პროგრამის მონაწილე ერთ-ერთი კომპანია კომფორტი, რომელმაც ახლახან გაიარა ტრენინგი ექსპორტის შესახებ, უკვე ბიზნესის გაფართოებას გეგმავს.

"უკვე 14 წელია ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხისა და გამორჩეული შეფუთვის მქონე ქაღალდის ჰიგიენურ პროდუქციას — მაგიდისა და სამზარეულოს ხელსახოცებს და სხვა ნივთებს. პროგრამა, რომელიც სრულად არის მორგებული ჩვენს ინტერესებსა და საჭიროებებზე, ჩვენი კომპანიის ცნობადობის ზრდასა და მეტი წარმატების მიღწევაში გვეხმარება. იგი ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, გავაფართოოთ წარმოება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავასაქმოთ და ჩავრთოთ საწარმოო პროცესში. გვაქვს ამბიცია, სრულად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და ამავდროულად ჩვენი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში გავიტანოთ ექსპორტზე", — აცხადებს კომპანიის დირექტორი, თეიმურაზ დალაქიშვილი.

"მოხარულები ვართ, რომ ჩვენს პარტნიორთან ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მსუბუქი მრეწველობის განვითარებას და ხელი შევუწყოთ კომპანიებს სამომავლო ზრდაში. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. გვინდა, წარმატება ვუსურვოთ პროექტის ფარგლებში შერჩეულ თითოეულ კომპანიას, ჩვენ კი ამ და სხვა პროექტებით ბიზნესის მხარდაჭერას ვაგრძელებთ", — განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

"მოხარულები ვართ, რომ პარტნიორობის ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებს ვთავაზობთ პრაქტიკულ მომსახურებას, საბაზრო კავშირებს, საერთაშორისო სტანდარტებზე წვდომას და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებს. ბიზნესების მდგრადი განვითარების მიზანზე მორგებული ეს პროგრამა ერთ-ერთია იმ ინიციატივათა შორის, რომლის საშუალებითაც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში ჩართულ ბიზნეს კომპანიებისთვის დროულ, პრაქტიკულ დახმარებას, მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას", — აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.