ქართული კინოინდუსტრია ნელ-ნელა სულ უფრო მეტად იპყრობს საერთაშორისო ასპარეზს.

ამის დასტურია თუნდაც ის, რომ ქართულმა კომპანია POSTRED-მა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ჰოლივუდის ორ ისეთ დიდ კინოკინოსტუდიასთან, როგორებიც Paramount Pictures და A24-ია.

საილუსტრაციოდ გეტყვით, რომ Paramount Pictures-ის მიერ წარმოებულ ცნობილ ფილმებს შორისაა Titanic (ტიტანიკი), Interstellar (ინტერსტელარი) და A Quiet Place (ჩუმი ადგილი), ხოლო A24-ს ეკუთვნის Moonlight (მთვარის შუქი), Lady Bird (ლედი ბერდი) და Midsommar (მიდსომარი).

POSTRED აუდიო პოსტპროდუქციის კომპანიაა, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. ეს ქართული კომპანია ამჟამად ჰოლივუდის ორი ისეთი ახალი ფილმის აუდიოგახმოვანებას უზრუნველყოფს, როგორებიცაა საკულტო საშინელებათა ჟანრის ფილმების სერიის ახალი ნაწილი კივილი 5 და C’mon,C’mon, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

USAID Georgia-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით POSTRED-ს მოლაპარაკებებსა და შეთანხმების მიღწევაში დაეხმარა და ამჟამად ხელს უწყობს, რომ ჰოლივუდის ინდუსტრიის სტანდარტის — Trusted Partner Network სერტიფიკატი მიიღოს, რის შემდეგაც ამ ქართულ კომპანიას საშუალება ექნება, დიდ სტუდიებთან იმუშაოს და პროფესიონალებისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ოსკარი 2021-ზე მოკლემეტრაჟიანი კინოსურათების ხუთ ფინალისტს შორის მოხვდა ფილმი A Concerto Is A Conversation, რომელზეც სწორედ Postred-მა იმუშავა.