უკრაინის ექსპრეზიდენტმა, ვიქტორ იუშჩენკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა ჩაწერა. ის აცხადებს, რომ სააკაშვილი ქართველი ხალხის გვერდით იდგა გარდამტეხ მომენტებში და ახლა სასამრთლო პროცესს ელოდება. მისი თქმით, საქართველო არ უნდა შევიდეს დესტაბილიზაციის ზონაში, განსაკუთრებით, საშინაო საკითხებში, რომ ქვეყანამ არ დაუშვას დემოკრატიული დაცემა და იზოლაცია.

"ამ მიმართვას ვიწყებ უდიდესი პატივისცემითა და იმ უდიდესი სიყვარულით, რომელიც ყველა უკრაინელის გულშია საქართველოსადმი და ქართველებისადმი. ეს გრძნობა მრავალი, მრავალი საუკუნის მანძილზე ყალიბდებოდა, დღეს კი სტრატეგიული პარტნიორები ვართ. ჩვენ ვისწავლეთ ურთიერთპასუხისმგებლობა და ახლა ერთმანეთი გვეიმედება სიხარულის, მწუხარების, დიდი განსაცდელებისა თუ ზეიმის დროს. ჩემი დღევანდელი სათქმელი უკავშირდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და მინდა, ჩემი პოზიცია და ლოგიკა გაგაცნოთ, მაგრამ მოდი, მივყვეთ თანმიმდევრულად", — აცხადებს იუშჩენკო.

ვიდეოში ის განიხილავს, 2003-დან 2008 წლამდე განვითარებულ მოვლენებს და ამბობს, რომ მაშინ ქართველმა ხალხმა ახალი პოლიტიკური კურსი აირჩია, რომელმაც ისინი სამართალიან არჩევნებამდე და თავისუფალ მედიამდე მიიყვანა. იუშჩენკო ხაზს უსვამს, რომ მაშინ ქვეყანაში ცხოვრება უსაფრთხო გახდა, გაქრა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული. ასევე, იშჩენკო 2008 წლის ომს იხსენებს და ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველო ნაწილობრივი ოკუპირება მოახდინა, რადგან მას არ სჭირდება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველო.

"მაშინ, როდესაც ოკუპანტი თქვენი დედაქალაქიდან 20 ან 30 კილომეტრში იყო, მე, პრეზიდენტ კაჩინსკისთან, პრეზიდენტ ადამკუსთან, ესტონეთის პრეზიდენტთან და ლატვიის პრემიერმინისტრთან ერთად თბილისის მოედანზე, პარლამენტის წინ ვიდექი და ერთ ლოზუნგს გავიძახდით: "დღეს ყველანი ქართველები ვართ, დღეს ყველანი ვართ თბილისი და საქართველოს ოკუპაციას არ დავუშვებთ. ჩვენ თქვენს დედაქალაქს დავიცავთ."

მტერი არ მოსულა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოს დიდი გამარჯვება იყო. მილიონობით ქართველისა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში და არამხოლოდ ქართველებისა", — აცხადებს ის.

დასასრულს ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ ყველა ეს მოვლენა, რაზეც ისაუბრა, არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანის, სააკაშვილის ოცნება, არამედ იყო მთელი ერის ამბიცია, რომლის დროსაც სააკაშვილი ხალხთან იდგა, ახლა კი გამოძიებას ელოდება.

"ყველა ეს მოვლენა, რომელზეც მოვყევი, იყო არამარტო ერთი ადამიანის ოცნება, არამედ ქართველი ერის ამბიცია და მან წარმატებას მიაღწია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, თქვენთან ერთად იდგა და ახლა გამოძიებასა და სასამართლო პროცესს ელოდება. მინდა, რამდენიმე პოზიციაზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველო არ შევიდეს დესტაბილიზაციის ზონაში, განსაკუთრებით, საშინაო საკითხებში. რომ საქართველომ არ დაუშვას დემოკრატიული დაცემა და იზოლაცია", — ამ სიტყვებით ასრულებს ის ვიდეომიმართვას, რომელიც სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.