რამდენიმე დღის წინ Facebook-ის პროდუქტები გლობალურად გაითიშა და მათ შორის იყო Instagram — სოციალური ქსელი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს.

ყოველთვის, როცა Facebook-ს რამე პრობლემა ექმნება, ამის შესახებ Downdetector-იდან ან Twitter-იდან ვიგებთ ხოლმე. ეს ის ორი ადგილია, რომელიც ჩვენს ეჭვებს ინტერნეტის ან ჩვენი მოწყობილობების პრობლემასთან დაკავშირებით აბათილებს და გვეხმარება იმ აზრის ვალიდირებაში, რომ პრობლემა მარტო ჩვენ არ გვაქვს და რომ ეს ზოგადად, სოციალური ქსელის შეფერხებაა.

როგორც ჩანს, ახლა ფეისბუქი აპირებს შეფერხების შესახებ ინფორმაცია აპლიკაციებშივე მოგვაწოდოს. ეს ადეკვატური ნაბიჯია, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გათიშვის შესახებ ოფიციალურ განცხადებას სოციალური ქსელი კონკურენტ პლატფორმაზე — Twitter-ზე ავრცელებს ხოლმე, ეს კი ერთი მხრივ, კომიკური ამბავია.

ახალი ინფორმაციის თანახმად, ფეისბუქი Instagram-ზე ტესტავს ახალ ფუნქციას, რომელიც შეფერხების შემთხვევაში, თქვენს Activity Feed-ზე გამოიტანს შეტყობინებას პრობლემის შესახებ. გარდა ამისა, კომპანია თვითონვე მოგაწვდით ინფორმაციას, როცა სერვისში ხარვეზი აღმოიფხვრება და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება.

ფოტო: Instagram

"ჩვენ არ გვინდა გამოგიგზავნოთ შეტყობინება ყოველ ჯერზე, როცა შეფერხება იქნება, თუმცა, ვხედავთ რომ ადამიანები დაბნეულები არიან და ეძებენ პასუხებს. ჩვენ ავხსნით ამ ყველაფერს, თუ მსგავსი მიდგომა დაგვეხმარება მეტი სიცხადე შემოვიტანოთ გარკვეულ საკითხებში", — ნათქვამია ინსტაგრამის ოფიციალურ ბლოგში.

ამ მომენტისთვის, კომპანია ფუნქციას აშშ-ში ცდის, რის შემდეგაც, მოსალოდნელია, რომ ის მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს.

სხვა მხრივ კი, უნდა ითქვას, რომ როგორც ჩანს ფეისბუქის პროდუქტების შეფერხებით მუშაობის გამოცდა მომავალშიც არაერთხელ მოგვიწევს, რადგან ამის შესატყობინებლად სოციალური ქსელი უკვე ახალ ფუნქციებს ტესტავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე