პარტია ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ლელო არ შეუერთდება. თუმცა მან ასევე თქვა, რომ ინდივიდუალურად აქციაზე მისვლას არავის უშლიან. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი იმსახურებს სამართლიანი სასამართლოს.

"პარტია ლელო ამ აქციას არ უერთდება, შეიძლება ვიღაცამ ინდივიდუალურად გადაწყვიტოს იქ მისვლა, ჩვენ ამას არავის არ ვუშლით. ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, და არამარტო იგი, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ ამ ქვეყანაში, კიდევ ერთხელ, თუ გვინდა, რომ წინ წავიდეთ სასამართლო სისტემა და პროკურატურა უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა მთელი ფოკუსი ჩვენი, ოპოზიციის უნდა იქნას მიმართული მეორე ტურებზე", — ამბობს ხაზარაძე.

ევროპული საქართველო, გირჩი — მეტი თავისუფლება, სტრატეგია აღმაშენებელი და სხვები ასევე არ უერთდებიან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას. დროას წევრები კი გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ, თუმცა აქციას უერთდება პარტიის ლიდერი, ელენე ხოშტარია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს აქციას გეგმავს. როგორც პარტიაში ამბობენ, აქციაზე ხალხი რეგიონებიდანაც ჩამოვა.