ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შემთხვევის შემდეგ, მთავრობა ფიქრობს, რომ შესაბამისი მუნიციპალური სამსახურების უფლებამოსილებები გააფართოვოს.

"ეს ფაქტი მართლაც არის დამაფიქრებელი, მიუხედავად იმისა, რომ იქ, იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც გამოძიება ძალიან სწრაფად წარიმართა და უკვე გამოკვეთილია დამნაშავეები — როგორც ჩანს, მოკლებული იყო შესაბამისი ორგანოები, რომ ინფორმაცია ჰქონოდათ იმაზე, თუ ესა თუ ის მოქალაქე თავის სარდაფში რას გააკეთებს — თუ არ შეატყობინებს შესაბამის სტრუქტურებს, რა თქმა უნდა, ამას ვერ გავიგებთ. თითოეულ ადამიანსაც უფრო მეტი წინდახედულობა და პასუხიმგებლობა მართებს და ეს ყველასთვის არის გაკვეთილი.

ჩვენ მართლაც დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობთ იმაზე, რომ გავაფართოვოთ მუნიციპალური შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილებები, იგივე მუნიციპალური ინსპექციების, რომ მათ ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა ინფორმაციაზე და მოქალაქეებს უფრო მეტი პასუხიმგებლობა, იმიტომ, რომ მოქალაქეებმაც უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, ჩვენი მეზობლების უსაფრთხოებაზე და ჩვენ შესაბამის ცვლილებებს განვახროციელებთ კანონმდებლობაში", — აცხადებს ის.

11 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ 3 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულია 9 ადამიანი, გადარჩა ერთი. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

9 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ზაურ ბუდადოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული მშენებლები. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.