ნეტფლიქსის ახალი სამხრეთ კორეული სერიალი კალმარის თამაში ტიკტოკის ტრენდების გარდა, უამრავი ხელოვანის შთაგონების წყაროდაც იქცა. ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა, თამაშების მონაწილეებად Pixar-ისა და Disney-ს ცნობილი ანიმაციის Toy Story-ს პერსონაჟები ექცია.

Mark Cannataro Films-ის ვიდეოში ვუდი, ბაზი და მათი მეგობრები თამაშის, სახელად "წითელი შუქი, მწვანე შუქი" მონაწილეები არიან. სათამაშოები სასიკვდილო შეჯიბრებაში გადარჩენას ცდილობენ და კალმარის თამაშის იმავე სცენას ოსტატურად იმეორებენ. მაგალითად, ვიდეოში ვუდიც იმავე გზით გადაურჩა თოჯინის რისხვას, როგორც გი-ჰუნი, როდესაც ალიმ მისი დაჭერა შეძლო.

შემქმნელებმა ვიდეოს "სიდის თამაში" დაარქვეს და შავნიღბიანი კაცის როლშიც სათამაშოების ისტორიის პერსონაჟი სიდია.

კალმარის თამაშის გამოსვლიდან 1 თვეც კი არაა გასული და მას ნეტფლიქსის ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალის ტიტულს უწინასწარმეტყველებენ. დიდი ალბათობით, სერიალით შთაგონებულ ნამუშევრებს მომავალშიც ვიხილავთ.