ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლის პროცედურები არ დარღვეულა.

"სხდომა მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში, როდესაც შეიცვალა, სხვა შედეგი დადგა სუბიექტის, როდესაც შედეგი შეიცვალა თვითონ გამარჯვებული კანდიდატის, მხოლოდ ამის შემდგომ წამოვიდა პროტესტი და ამის შემდგომ აპელირება, თითქოს რაღაც დალუქული პაკეტები რეალურად არ იყო დალუქული. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს", — აცხადებს ის ფორმულას ეთერში.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში 8 ოქტომბერს ხმაური იყო. როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ანა წითლიძემ On.ge-სთან განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ქართულ ოცნებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მისცა თანხმობა ოლქის გადათვლაზე.

წითლიძე ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ოლქში დალუქული ოთახი გახსნილი იყო და მათი მისვლისას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები ბიულეტინებში იქექებოდნენ. ადგილზე მყოფ ოპოზიციონერებს კომისიის თავმჯდომარესთან სურდათ შეხვედრა, თუმცა შეხვედრა არ შედგა, რადგან წითლიძის თქმით, ის ოთახში ჩაიკეტა და მათ კითხვებს არ უპასუხა.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აღნიშნულით პირველ ტურში გამარჯვებული დეპუტატი დამარცხებულად გამოაცხადეს და ხვალ, 9 ოქტომბერს, ზუგდიდში აქცია დააანონსა.