საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ამის შესახებ On.ge-ს პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

რამდენიმე თვის წინ ამავე საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, 19 წლის ირმა ყ. 23, წლის ბექა შ. და 17 წლის ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ასევე დაკავებულნი არიან 22 წლის ავთანდილ ა. და 23 წლის დათა გ. ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის ბრალდებით.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2016 წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ერთ-ერთი ბრალდებულის, ირმა ყ.-ს დედა, 76 წლის ლუბა ყ. დანით მოკლეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის შემდეგ, მოკლულის ცხედარი დიდი ჩანთით ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს და ორი ჩანთით გლდანის გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, ბენზინი დაასხეს და დაწვეს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.