MIT-ის მკვლევრებმა ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში გვაუწყეს, რომ მანათობელი მცენარეების შესაქმნელი გზა გამონახეს. ამისათვის მათ წყლის წიწმატის ფოთლებში სპეციალიზებული ნანონაწილაკები შეიტანეს, მიღებული შედეგი კი თითქმის ოთხი საათის განმავლობაში ანათებდა სუსტად.

იმ დროისათვის მეცნიერები იმედოვნებდნენ, რომ დამატებითი ოპტიმიზაციის წყალობით მცენარეები სახლს ან სამუშაო გარემოსაც კი გაანათებდნენ, სტატიაში კი სწორედ ამ მიღწევაზე მოგითხრობთ.

MIT-ის ინჟინრებმა თავიანთი მანათობელი მცენარეები გააუმჯობესეს — ისინი LED-ის საშუალებით სულ რაღაც 10 წამში იმუხტება, ნათება კი მცენარეთა პირველ გამოშვებასთან შედარებით 10-ჯერ მკვეთრია. იგი მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება, თუმცა მცენარეთა ხელახალი დამუხტვაც შეიძლება ხშირ-ხშირად.

"მანათობელი მცენარის შექმნა გვინდოდა ნაწილაკებით, რომლებიც სინათლს შთანთქავდა, ნაწილს შეინახავდა და ნელ-ნელა გამოასხივებდა. ეს მანათობელი მცენარეების კუთხით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია", — განაცხადა მაიკლ სტრანომ, MIT-ის ქიმიური ინჟინერიის პროფესორმა და კვლევის ავტორმა.

სპეციალიზებულ ნანონაწილაკებს შეუძლია, ნებისმიერი სხვა სახის მანათობელ მცენარესაც უბიძგოს სინათლის წარმოქმნისკენ. ისინი ასევე ენზიმ ლუციფერაზას შეიცავს — ნივთიერებას, რომელიც ციცინათელებში გვხვდება. შესაბამისი პროცესი ახალი სფეროს, "მცენარეთა ნანობიონიკის" განვითარების მაგალითია, სადაც მეცნიერები ცდილობენ, მცენარეებს ახალი მახასიათებლები შემატონ.

ასევე იხილეთ: სად გაქრნენ ციცინათელები?

იმისათვის, რომ მცენარეებს უფრო დიდი ხნის განმავლობაში გაენათებინათ, სტრანომ და მისმა გუნდმა მათივე შექმნილი "სინათლის კონდენსატორი" გამოიყენეს. როგორც წესი, იგი შეკრული ელექტრული წრედის ნაწილია, რომელსაც ფოტონების შენახვა და მათი საჭირო დროს გამოთავისუფლება შეუძლია.

"სინათლის კონდენსატორის" მიდგომამ შესაძლოა, ბევრი სხვადასხვა სახეობის მცენარეზე იმუშაოს — მათ შორისაა ტაილანდური ტარო, რომლის ფოთლებიც სიგანეში ზოგჯერ 30 სანტიმეტრსაც კი აღემატება. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მანათობელ მცენარეებს ერთ დღეს გარე განათების წყაროდაც გამოიყენებენ.

მკვლევრებმა დამატებითი კვლევები ჩაატარეს, რათა დაედგინათ, სილიციუმის ორჟანგით დაფარული ნანონაწილაკები მცენარის ნორმალურ ფუნქციონირებას ხომ არ აფერხებდა. მათ აღმოაჩინეს, რომ მანათობელი მცენარეები ასეც სრულებით დაუბრკოლებლად ერთვებოდნენ ფოტოსინთეზში.

სტრანო და მისი გუნდი დღესაც მუშაობენ ისეთი მცენარეების შექმნაზე, რომლებიც უფრო ძლიერად და ხანგრძლივად გაანათებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.