პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყველა ოჯახს, რომელმაც 8 ოქტომბერს დაკარგა საცხოვრებელი, გადაეცემათ ბინები და ფულადი კომპენსაცია. გარდა ამისა, ღარიბაშვილმა თქვა, რომ იგეგმება, სამშენებლო ნებართვების გაცემის გამკაცრება.

"აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩვენც ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამის გარდა, ფულადი კომპენსაციებიც, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში

ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები, საერთოდ ნებართვის გაცემის პროცედურებიც უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა განმეორდეს.", — თქვა ღარიბაშვილმა.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულია 9 ადამიანი, გადარჩა ერთი. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

9 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ზაურ ბუდატოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული მშენებლები. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია. 11 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ 3 ადამიანს აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, ორშაბათს 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.