კლინიკა მედცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მისივე თქმით, შეინიშნება დადებითი დინამიკა.

"სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა და ამის გამო კიდევ რამდენიმე დღე დარჩება რეანიმაციაში. დანარჩენი ლაბორატორიული მაჩვენებელი გამოსწორებულია და თუ ასე წავიდა, რამდენიმე დღეში გადავა უკვე განყოფილებაში", — ამბობს ექიმი On.ge-სთან.

დაშავებული კაცის და, მაია თავდგირიძე ამბობს, რომ ზვიადს ახსოვს ყველაფერი, თუმცა ამ თემაზე არ ესაუბრებიან, რადგან მას მიღებული აქვს ტრავმული შოკი. დის თქმით, ნგრევის შემდეგ 11 საათი გაატარა ვერტიკალურ მდგომარეობაში.

"ახსოვს ყველაფერი თუმცა, არ ვესაუბრებით ამ საკითხზე, რადგან გადატანილი აქვს ტრავმული შოკი. უბრალოდ ორი სიტყვით თქვა, რომ "დივანზე ვიჯექი, ყავას ვსვამდი და უცებ ყველაფერი ჩამოინგრა". ახლა უკეთესად არის, 11 საათი გაატარა ნანგრევებში, ვერტიკალურ მდგომარეობაში და, რა თქმა უნდა, მისთვის რთულია ამ ყველაფრის გახსენება.

მეზობლებისგან განსხვავებით, ჩვენი მდგომარეობა იყო ოდნავ უკეთესი იმით, რომ 40 წუთში იპოვეს მაშველებმა და მთელი დღის, 11 საათის განმავლობაში იყო კონტაქტური და პერიოდულად მაშველებისგან ვიღებდით ინფორმაციას, რომ არის ცოცხალი და თავს გრძნობს კარგად. ჰყავს ცოლ-შვილი, 2 ტყუპი ბავშვი და ზუსტად 10 წუთით გამოასწრეს", — ამბობს მაია თავდგირიძე.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულია 9 ადამიანი, გადარჩა ერთი. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

9 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ზაურ ბუდატოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული მშენებლები. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია. 11 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ 3 ადამიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, ორშაბათს 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.