შესაძლოა, ბელგია მალე მოკლე სამუშაო კვირაზე გადავიდეს.

ამასთან დაკავშირებით ლიბერალების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას ფედერალური მთავრობა ამჟამად განიხილავს და უახლოეს დღეებში საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

ადგილობრივი გამოცემა The Brussels Times-ის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა სამუშაო კვირის 5-დან 4 დღემდე შემცირებას ითვალისწინებს: დასაქმებულებს კვლავ 38-40-საათიან სრულ განაკვეთზე შეეძლებათ მუშაობა, ოღონდ მათი სამუშაო დღეები კვირაში ხუთის ნაცვლად მხოლოდ ოთხი დღით განისაზღვრება.

ამ პროექტის მიხედვით, დასაქმებულებს დღეში დაახლოებით 9,5 საათი მოუწევთ მუშაობა, მაგრამ სანაცვლოდ დამატებით ერთი უქმე დღე ექნებათ და კვირაში სამი დღე დაისვენებენ.

"მიგვაჩნია, რომ ეს კარგი იქნება დასაქმებულების თავისუფლებისათვის, თუმცა, ცხადია, ამ არჩევანის გაკეთება თავად შეეძლებათ", — განაცხადა მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა, მეირემ ალმაჩიმ.

ამ იდეას გამოუჩნდნენ კრიტიკოსებიც: პროფკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასაქმებულების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება კვირის სრულ განაკვეთზე სამუშაო საათების ჯამურ რაოდენობას უნდა ამცირებდეს, ნაცვლად იმისა, რომ იგივე საათების რაოდენობა უფრო ნაკლებ დღეებში იყო ჩატეული.

აღსანიშნავია, რომ სამუშაო კვირის შემცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2015 წელს ისლანდიაშიც მიიღეს, რაც შემდგომში მრავალმა ექსპერტმა დადებითად შეაფასა: დასაქმებულებს სტრესი შეუმცირდათ, სანაცვლოდ კი მათი პროდუქტიულობა გაიზარდა.

ბელგიის მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოაცხადებს და დააზუსტებს ისეთ კონკრეტულ დეტალებს, თუ რომელ სექტორებს შეეხება სამუშაო კვირის შემცირება და ა.შ.