გასული თვის დასაწყისში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მყოფმა ასტრონავტებმა ევროპის თავზე უცნაური ლურჯი ნათება შენიშნეს.

ფრანგი ასტრონავტის, თომას პესკეტის ტვიტზე დაყრდნობით, ნათება "ხანმოკლე მნათ მოვლენას" წარმოადგენდა. შესაბამისი ფენომენი მაშინ ვითარდება, როდესაც ელვა ატმოსფეროს ზედა ნაწილში იმაზე მაღლა ჩნდება, ვიდრე ჩვეულებრივ.

"ეს ძალიან იშვიათად ხდება, ჩვენ კი ევროპის კოლუმბუსის ლაბორატორიის გარეთ სპეციალური აპარატურა გვაქვს, რომელიც სინათლის ამგვარ გაელვებათა დაკვირვებას ემსახურება", — დაწერა პესკეტმა Flickr-ზე — "კოსმოსური სადგური ამ დაკვირვებების საწარმოებლად ძალიან გამოსადეგი ადგილია, რადგან იგი ეკვატორის თავზე ფრენს, იქ კი მეტი ჭექა-ქუხილია".

ISS-ზე ყოფნის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მისი საშუალებით ატმოსფერულ მოვლენებს იმაზე უკეთ სწავლობენ, ვიდრე დედამიწიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ შესაძლოა, ამგვარი მოვლენები ჩვენს კლიმატზეც კი ახდენდეს გავლენას. ზოგჯერ ისინი ფენტეზით შთაგონებული სახელებით იწოდება, "ელფები" იქნება ეს თუ "აჩრდილები".

ასევე იხილეთ: "მოცეკვავე მოჩვენებები" — უჩვეულო კოსმოსური სანახაობა, რომელსაც ელექტრონთა ნაკადები წარმოქმნის.

"ციალში გასაოცარი ისაა, რომ სულ რამდენიმე ათწლეულის წინ ამას პილოტები აკვირდებოდნენ უსისტემოდ, მეცნიერები კი მის არსებობაში დარწმუნებულები არ იყვნენ", — დაწერა პასკეტმა — "მხოლოდ რამდენიმე წელიღა დაგვრჩა და დავადასტურებთ, რომ ამგვარი "ელფები" და "აჩრდილები" რეალურები არიან და შესაძლოა, ჩვენს კლიმატზეც კი ახდენდნენ გავლენას!"

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.