კინომანებისთვის მშვენიერი სიახლე გვაქვს: ცნობილი რეჟისორის, კრისტოფერ ნოლანის ახალ ფილმში, სახელად Oppenheimer მთავარ როლს ალესილი კეპების ვარსკვლავი კილიან მერფი შეასრულებს. რეჟისორის ახალი ისტორიული ფილმი ამერიკელ ფიზიკოს რობერტ ოპენჰაიმერზე მოგვითხრობს, რომელსაც სწორედ კილიან მერფი განასახიერებს.

რობერტ ოპენჰაიმერი ატომური ბომბის შექმნისა და კვლევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. მას ხშირად "ატომური ბომბის მამად" მოიხსენიებენ. ნოლანი ფილმს წიგნის, სახელად American Prometheus: The Triumph and Tragedy of J. Robert Oppenheimer მიხედვით გადაიღებს.

ფილმის სცენარი კრისტოფერ ნოლანს ეკუთვნის, პროდიუსერები კი ნოლანთან ერთად ემა ტომასი და ჩარლზ როვენიც იქნებიან. ფილმზე უფლებები კომპანია Universal Pictures-მა მოიპოვა. Oppenheimer-ზე მუშაობა 2022 წელს დაიწყება, პრემიერა კი 2023 წლის 21 ივლისსაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ ეს კრისტოფერ ნოლანისა და კილიან მერფის პირველი თანამშრომლობა არაა. მათ ერთად რეჟისორის ისეთ ცნობილ ფილმებზე იმუშავეს, როგორებიცაა Batman Begins, Inception და Dunkirk.