მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.

"პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, განსაკუთრებული ცვლილებები მე პირადად ვერ შევნიშნე. მე მესმის, რომ ექიმები გაცილებით უფრო ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ არ ღირს უტრირება ამ საკითხებით იმიტომ, რომ საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით", — აცხადებს გვარამია,

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი აღშფოთებულია იმით, ტომ მისი პირადი ჯანმრთელობის მონაცემები მისი თანხმობის გარეშე ქვეყნდება.

"გუშინ მან უსმინა ყველაფერს, რაც ჩვენი არხის ეთერში გადიოდა და სხვა არხების ეთერშიც გადიოდა და შესაბამისად, გააკეთა დღეს განცხადება აქედან გამომდინარე და მეორე — იგი ძალიან აღშფოთებულია იმით, რომ მისი პირადი ჯანმრთელობის მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა ძალიან მძიმე დარღვევას მისი უფლებების", — ამბობს გვარამია.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა, მას უჭირს საუბარი და მოძრაობა. როგორც ექიმი განმარტავს, ეს შიმშილობის გამო მოხდა.

ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტს აქვს დაავადება, რომლის დროსაც შიმშილობა არ შეიძლება. მისივე თქმით, ამის გასაჯაროების უფლება ექსპრეზიდენტმა მისცა.

მიხეილ სააკაშვილი მე-11 დღეა შიმშილობს. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ დაკავებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს.

7 ოქტომბერს სააკაშვილი პატრიარქის მდივანმა, მიქაელ ბოტკოველმა მოინახულა და გადასცა პატრიარქის თხოვნა, შეეწყვიტა შიმშილობა. მისი თქმით, სააკაშვილი უარზე იყო.

8 ოქტომბერს, სააკაშვილის ადვოკატმა, თქვა, რომ შიმშილობის გამო 12 კილოგრამი დაიკლო. 8 ოქტომბერს პენიტენციულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება. ამას უპასუხა სააკაშვილის ექიმმა და თქვა, რომ საკვებს არ იღებს, წვენი დალია და ფული აღარ აქვს, რომ მეტი წვენი შეიძინოს.