ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ 3 ადამიანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. წინასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველ დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულია 9 ადამიანი, გადარჩა ერთი. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

9 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ზაურ ბუდატოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული მშენებლები. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, ორშაბათს 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.