შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორში დააკავეს 4 პირი, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს სცემეს და მტკვარში გადააგდეს. მათივე ინფორმაციით, კიდევ ერთი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული

უწყების განცხადებით, 7 ოქტომბერს, გორში, ერთ-ერთ ბარში ბრალდებულებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქე ტ.კ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც კონფლიქტში მონაწილე პირები გორში, მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. მათი თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ადგილზე 4-მა ბრალდებულმა, ზ.ფ.-მ, გ.ო.-მ, გ.ქ.-მ და გ.ბ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტ.კ.-ს, დანაშაულის დაფარვის მიზნით, უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათივე ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციას ფლობდა ვ.ო., თუმცა ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

ტ.კ.-ის ცხედარი მდინარე მტკვარმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მიმდებარე ტერიტორიაზე გამორიყა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 2002 წელს დაბადებულ ზ.ფ.-ს, 2004 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, 2001 წელს დაბადებულ გ.ქ.-ს და 1993 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო 1997 წელს დაბადებული ვ.ო. პოლიციამ დააკავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, რაც 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.