გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი მწუხარებს გამოთქვამს ბათღუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ვფიქრობ და ვლოცულობ დამწუხრებული ბათუმისთვის, ვუსურვებ ნგრევის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და დიდ მადლობას ვუხდი მამაც სამაშველო ჯგუფებს", — წერს ის ტვიტერზე.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. სამაშველო ღონისძიება თითქმის 30 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.დაღუპულია 9 ადამიანი, გადარჩა ერთი. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია, ერთი 7 წლის, მეორე წლისა და 3 თვის და მესამე 12 წლის.

კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი ზაურ ბუდატოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. დანარჩენი ორი კი მის მიერ დაქირავებული მშენებლები. პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა მოშალეს მზიდი და არამზიდი კედლები, რითიც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა და ნგრევა გამოიწვია.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, ორშაბათს 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.