ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავს. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ენმ-ში განაცხადეს, რომ აქცია არ უქმდება, მაგრამ მდუმარე იქნება. მათ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულებს.

აქციის მონაწილეები ენმ-ს შტაბიდან მსვლელობით დაიძრნენ და ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მივიდნენ, სადაც შეკრებილებს პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მიმართა. მან 14 ოქტომბერს თბილისში მორიგი აქცია დააანონსა და მხარდამჭერებს უთხრა, რომ ძალიან ბევრნი უნდა შეიკრიბონ.

"იმდენი უნდა შევიკრიბოთ, რამდენიც არასოდეს ჯერ განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. და რა არის იქ შეკრების მიზეზი ხალხნო, გასაგებია ამაზე ვილაპარაკე — ჩვენი ცალკე აღებული ნაციონალური მოძრაობის სურვილი კი არა, ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის, მაგრამ ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას დიდი სიამოვნებით", — განაცხადა მელიამ.

ენმ-ს წევრები საოლქო საარჩენო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის გადადგომას მოითხოვენ, რომელიც მათი თქმით, არჩევნების გაყალბებაზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ მათ თან აქვთ მიხეილ სააკაშვილის დროშა, რომელზეც ექსპრეზიდენტის გამოსახულებაა დაბეჭდილი და ინგლისურად აწერია #თავისუფლებასააკაშვილს.

ენმ-მ აქცია მას შემდეგ დაანონსა, რაც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმები გადათვალა. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილება იყო და და ენმ-ს მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადეს.

როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ანა წითლიძემ On.ge-სთან განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ქართულ ოცნებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მისცა თანხმობა ოლქის გადათვლაზე. ის ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ოლქში დალუქული ოთახი გახსნილი იყო და მათი მისვლისას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები ბიულეტინებში იქექებოდნენ.

თავად მირანდა მესხის განცხადებით, მისი თითოეული ქმედება და გადაწყვეტილება კანონისმიერია და ვერც მასზე, ვერც საოლქო საარჩევნო კომისიაზე ვერცერთი საარჩევნო სუბიექტის პირადი მოსაზრება გავლენას ვერ მოახდენს.