ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ქალის გარდაცვალებაზე კომენტარი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა თამარ მხატვარმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ პაციენტი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს.

"სასწრაფო დახმარების მანქანაშივე დამძიმდა მისი მდგომარეობა, დაფიქსირდა გულის გაჩერება. ემერჯენსში აღდგა გული და ღამის განმავლობაში რამდენიმეჯერ დაფიქსირდა გულის გაჩერება აღდგენით. ძირითადი დიაგნოზი იყო ქრონიკული ზეწოლის სინდრომი. აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა, შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობა და პროფუზული სისხლდენა. ჩატარდა კვლევა და შესაბამისი პროტოკოლით. პაციენტი მკურნალობას აგრძელებდა რეანიმაციულ განყოფილებაში. მიუხედავად ყველა მიღებული ზომისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", — განაცხადა თამარ მხატვარმა.

მეორე პაციენტი კლინიკა მედცენტრში არის მოთავსებული. მთავარი ექიმი, ჯემალ გელაშვილი ამბობს, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ კონტროლირებადი. ექიმის თქმით, პაციენტს წუხელ მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები და სპეციალისტების კონსულტაციები ჩაუტარდა. წინასწარი დიაგნოზირების შედეგად გამოვლინდა: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, დაუზუსტებელი შოკი. ექიმის ინფორმაციით, პაცინეტს, ასევე, აღენიშნება მარცხენა წვივის მოტეხილობა, მარჯვენა ზედა კიდურის დაჟეჟილობა და მთელ სხეულზე მრავლობითი ექსკორიაციები.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ნაპოვნია 5 ცხედარი — 2 ბავშვი, 1 ასაკოვანი ქალი და 2 კაცი. სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები თითქმის 23 საათია გრძელდება.