ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული ზაურ ბუდატოვია, რომელიც პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა. გარდა ამისა, დაკავებულია მის მიერ დაქირავებული ორი ადამიანი.

ბუდატოვმა 4 ოქტომბერს საჯარო რეესტრს მიმართა და 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში მდებარე კორპუსის სარდაფის, როგორც უძრავი ნივთის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია", — აცხადებენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ნანგრევებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში, ასევე ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი.ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები", — აცხადებენ შსს-ში.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველებმა ადგილიდან ორი ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ნაპოვნია 5 ცხედარი — 2 ბავშვი, 1 ასაკოვანი ქალი და 2 კაცი. სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები თითქმის 22 საათია გრძელდება.