ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგის, კახაბერ ქაშიბაძის ინფორმაციით, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, პაციენტის თითქმის ყველა პარამეტრი სიცოცხლესთან შეუთავსებლობის ზღვარზეა.

"ქალბატონი იქნა ჩვენთან შემოყვანილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. ახლაც რჩება ის უკიდურეს მძიმე მდგომაროებაში. სამჯერ იყო გულის გაჩერება. ყველა პარამეტრი არის, რეალურად, ახლოს შეუთავსებელ სიცოცხლესთან, მაგრამ აქამდე ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის. რაღაც-რაღაც ელემენტები გამოჩნდა, თუმცა რჩება უკიდურესად მძიმე [...] მთელი საავადმყოფო მობილიზებულია, რომ ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, ეგებ მოვახერხოთ", — განაცხადა კახაბერ ქაშიბაძემ TV პირველის ეთერში.

8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მაშველები 13 საათზე მეტია ცდილობენ ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას. ნაპოვნია ერთი ცხედარი. უკვე გამოყვანილია ორი ადამიანი, ორივე მათგანი ცოცხალია. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მანქანიდან ამოიყვანეს წლის და 3 თვის ბავშვი. ის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ამ დრომდე უცნობია ნგრევის მიზეზი. შს მინისტრის თქმით, შესაძლოა, ეს ქვედა სართულზე მიმდინარე სამუშაოები იყოს, რომელსაც მესაკუთრეები აკეთებდნენ. თუმცა გომელაური დაძენს, რომ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.